მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის ძლიერი ქართული ავიაკომპანიებიც გვჭირდება - გიორგი მოლოდინაშვილი

ავიაცია

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო-პალატაში საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელის და საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორის გიორგი მოლოდინაშვილის აზრით, საქართველოს საავიაციო ჰაბად მხოლოდ აეროპორტების ინფრასტრუქტურა ვერ ჩამოაყალიბებს. „ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული ავიაკომპანიები“, - თქვა გიორგი მოლოდინაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას და იქვე დასძინა, რომ აუცილებელია, საავიაციო სტრატეგიის შექმნა, რაზედაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის შეხვედრებზეც ღიად ვსაუბრობ, რომ აუცილებლად გვჭირდება საავიაციო სტრატეგია და საავიაციო ინდუსტრიის სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი არა მხოლოდ საჯარო სექტორისთვის, არამედ ეს სჭირდება კერძო სექტორს, ინვესტორებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოვლენ. საავიაციო სტრატეგიაში უნდა გაიწეროს, რა გვინდა 10-15-წლიან ჭრილში და როგორ გვინდა სფეროს განვითარება. საავიაციო ჰაბს ვერ ჩამოაყალიბებს მხოლოდ აეროპორტების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვჭირდება არსებულების განვითარება და ახალი, ძლიერი ქართული ავიაკომპანიები; წარმოვიდგინოთ, ტრანზიტი როგორ ხდება - ჩვენთან უნდა იყოს ბაზირებული ავიაკომპანია, რომელიც ჩამოიყვანს მგზავრს ერთი პუნქტიდან და საქართველოს გავლით წაიყვანს სხვა პუნქტში; ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, რაც ავიაციის სტრატეგიაში უნდა ავსახოთ და შემდეგ რეალური ნაბიჯები გადავდგათ.

- რა ფაქტორები გაზრდის საქართველოს ავიაციის სექტორის მიმზიდველობას - როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს ახალი ავიაკომპანიების შექმნას ან შემოსვლას ბაზარზე?

- ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ დიდი ბრენდები, კომპანიები დავაინტერესოთ გარკვეული საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ. ძალიან აპრობირებული პრაქტიკაა, მაგალითად, სატვირთო გადაზიდვების გააქტიურებისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა; საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე როცა ვიყავი, მქონდა ინიციატივა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შემექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რაც სტიმულს მისცემდა კარგო გადაზიდვებს. ასევე, საინტერესოა, სალიზინგო კომპანიების მოზიდვის პროექტის განხორციელება. მოგეხსენებათ, ყველა ავიაკომპანიას თვითმფრინავი სალიზინგო კომპანიებისგან ჰყავს დაქირავებული, რომლებიც ძირითადად, ისეთ ქვეყნებში არიან მოკალათებულნი, სადაც მათთვის კარგი საგადასახადო პირობებია შექმნილი. მაგალითად, ირლანდია. შეგვიძლია ამ კუთხით ვიმუშაოთ აქტიურად და გავამდიდროთ ჩვენი საჰაერო ხომალდების რეესტრი. ძალიან კარგი მაგალითია მალტაც, რომელიც რეგისტრაციისთვის იზიდავს კერძო თვითმფრინავებს და ავიაკომპანიებს და არეგისტრირებენ. შედეგი კერძო და საჯარო სექტორების სინერგიით და ერთად მუშაობითაა მიღწევადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები