ევროკავშირის ახალი რეგულაციით, ევროპის აეროპორტებში მოქმედ ავიაკომპანიებს ევროპული კომისიისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევთ, რომელშიც მათი თვითმფრინავების ძრავის კონდენსაციური კვალის კლიმატზე გავლენა იქნება შეფასებული, ისევე როგორც მათ მიერ ჰაერში გაფრქვეული ნახშირბადის დიოქსიდის რაოდენობა.
Euronews-ის თანახმად, საავიაციო ინდუსტრია ახალ წესებს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის დელეგატებმა დახურულ კარს მიღმა მიიღეს, საფუძვლიან კვლევას არ ემყარება. თუმცა ევროპული კომისია თვლის, რომ ავიაციის გავლენა გლობალურ დათბობაზე ისედაც ცნობილია, დამატებითი მონაცემების შეგროვება კი აღნიშნულ კვლევებს კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის.
თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს, წყალბადის ოქსიდებს, შავ ნახშირბადსა და კლიმატის დამაზიანებელ სხვა ნივთიერებებს შეიცავს. შესაბამისად, ზოგიერთი კვლევის თანახმად, გლობალურ დათბობაში საავიაციო ინდუსტრიის კონტრიბუცია უკვე აღწევს 2%-ს, თვითმფრინავებიდან გამოყოფილი ნახშირბადის ემისიების ხარჯზე.
ახალი კანონმდებლობა ევროპის ბოლოდროინდელი რეფორმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ატმოსფეროს CO2-ით დაბინძურების კომპენსაციისთვის გარკვეული ხარჯების გაწევა მოუწევთ. ფასი ამჟამად ერთ ტონა CO2-ზე €70-ა.