რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ჩრდილო-მოსაზღვრე ქვეყანა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში ქვეყნების ექსპორტ-იმპორტი 5.7%-ით 1 მილიარდ 197 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რუსეთთან ვაჭრობის ისტორიას თუ გადავხედავთ, 2015 წლიდან სავაჭრო ბრუნვის რიცხვები მზარდი იყო და ამ პერიოდის შემდეგ 6 თვის ჭრილში ეს კლების პირველი შემთხვევაა.
რამ განაპირობა რუსეთთან ვაჭრობის შემცირება და რომელი საქონლის ექსპორტ-იმპორტი შემცირდა იანვარ-ივნისში?
რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის კლებითაა განპირობებული. წლის პირველ ნახევარში რუსეთში საქართველომ 340 მილიონ 083 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გაყიდა, რაც გასული წლის პერიოდის რიცხვზე 1.1%-ით ნაკლებია. ამგვარად რუსეთმა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთისა და ყაზახეთის შემდეგ 11.9%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა. უნდა აღვნიშნოთ, რომ წლების განმავლობაში ექსპორტის დინამიკა რუსეთში არაერთგვაროვანი იყო.
წლის პირველ ნახევარში რუსეთში საქონლის რეალიზების შემცირება, ძირითადად ავტომობილებისა და ფეროშენადნობების ექსპორტის მნიშვნელოვანმა შემცირებამ განაპირობა. 2023 წლის პირველ ნახევარში ეს სასაქონლო ჯგუფები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში შედიოდა. წელს ავტომობილებთან მიმართებით ქვეყნის გავლით რუსეთში საქონლის გაყიდვების ფაქტობრივად განულება აშშ-სგან და ევროკავშირისგან დაწესებული სანქციებმა განაპირობა, ფეროშენადნობების შემთხვევაში კი კლება 2023 წლის თებერვლიდან ევრაზიულ კავშირში საქრთველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადის ამოქმედებამ განაპირობა, რამაც საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ჩაკეტა.
რუსეთში ექსპორტირებული TOP-10 საქონელი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $111.1 მლნ, 40 826 ტონა;
- ეთილის სპირტი - $69.3 მლნ, 18 144 ტონა;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $40.7 მლნ, 74 845 ტონა;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - $28.1 მლნ, 32 429 ტონა;
- ნაყოფები სხვა - $20.4 მლნ, 3 447 ტონა;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - $13.3 მლნ, 1 927 ტონა;
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - $7.1 მლნ, 11 075 ტონა;
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - $4.9 მლნ, 348 ტონა;
- ელექტრული წყალგამახურებლები - $4.7 მლნ, 666 ტონა;
- ფეროშენადნობები - $4.6 მლნ, 2 393 ტონა.
რუსეთი იმპორტის კუთხითაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა წლის პირველ ნახევარში, ეს მაჩვენებელიც 7.5%-ით 857 მილიონ 539 ათას დოლარამდეა შემცირებული. იმპორტის ამ მაჩვენებლით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში რუსეთს მხოლოდ თურქეთი უსწრებს და რუსეთი 11.5%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.
იმპორტის კლება ძირითადად რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირებამ განაპირობა. წლის პირველ ნახევარში საქართველომ 17.6%-ით ნაკლები რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, რამაც ჯამურ იმპორტზეც იმოქმედა.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $263.5 მლნ, 344 959 ტონა;
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $100.5 მლნ, 379 675 ტონა;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $30.8 მლნ, 50 492 ტონა;
- ხორბალი და მესლინი - $27.5 მლნ, 114 290 ტონა;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $21.7 მლნ, 54 863 ტონა;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის - $21.5 მლნ, 41 304 ტონა;
- ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულის - $17.1 მლნ, 18 022 ტონა;
- ღორები ცოცხალი - $13.1 მლნ, 8 845 ტონა;
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $12.2 მლნ, 3 963 ტონა;
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი - $11.8 მლნ, 6 208 ტონა.