მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსი მილიარდერების ქონება ნახევარ ტრილიონამდე გაიზარდა - Forbes

6447ba83e4d8e
გიორგი თოლორდავა
26.04.23 00:05
2259
წელიწადზე მეტია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, პუტინის „სამხედრო ოპერაციისგან“ მიღებული ეკონომიკური ზარალის მოცულობა კი უკვე რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს აღწევს. მიუხედავად ამისა, Forbes Russia შოკისმომგვრელ მონაცემებს ავრცელებს, როგორც ირკვევა, გასული ერთი წლის განმავლობაში რუსი მილიარდერების ქონების საერთო შეფასება ნახევარ ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, ერთ წელიწადში რუსული ელიტის ქონების შეფასება 152 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და ის ამჟამად 505 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გარდა ქონების შეფასებისა, გაზრდილია თავად მილიარდერების რაოდენობაც. Forbes-ის შეფასებით, რუსეთი რეიტინგში 110 ოფიციალური მილიარდერითაა წარმოდგენილი, რაც ერთ წელიწადში 22-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მილიარდერებისა და ოლიგარქების გამდიდრება საკმაოდ მარტივი მიზეზითაა განპირობებული, მათი ქონების უდიდესი ნაწილი ბუნებრივ და ენერგეტიკულ რესურსებზე მოდის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამ კი საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის, გაზის, მეტალების, სასუქისა და იშვიათი მინერალების მკვეთრი გაძვირება გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ოლიგარქების მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოსავლებზეც პოზიტიურად აისახა.

ცნობისთვის, მილიარდერების სია შედარებით უფრო გრძელი უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე გავლენიანმა ბიზნესმენმა, პროტესტის ნიშნად, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, ასეთები არიან: იური მილნერი, ნიკოლაი სტორონსკი, ტიმურ ტურლოვი, სერგეი დმიტრიევი და ვალენტინ კიპიატკოვი.

მილიარდერების რაოდენობის ზრდის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკა ნამდვილად არ გაზრდილია. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე ფასებში რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიარდი დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

მიუხედავად ამისა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგია. ომის საწყის პერიოდში საერთაშორისო ექსპერტები რუსეთის ეკონომიკის 6%-ით შემცირებას ვარაუდობდნენ, ეს პროგნოზი კი ნამდვილად არ გამართლდა.


უმდიდრესი რუსი მილიარდერები:

1) ანდრეი მელნიჩენკო - $25.2 მლრდ | ქვანახშირი, სასუქი
2) ვლადიმირ პოტანინი - $23.7 მლრდ | მეტალურგია
3) ვლადიმირ ლისინი - $22.1 მლრდ | მეტალურგია
4) ლეონიდ მიხელსონი - $21.6 მლრდ | გაზი, ქიმიკატები
5) ალექსეი მორდაშოვი - $20.5 მლრდ | მეტალურგია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები