რეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო სქემა შეიცვლება - ცვლილებებზე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამგვარად ცენტრალურ გამზირზე კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება.
ახალი სქემით, სანაპიროდან პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით, პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა გახდება შესაძლებელი.
„ახალი სატრანსპორტო სქემით კონკრეტული მიმართულებებით ავტომობილების გადაადგილება გამარტივდება. შუქნიშნით რეგულირებული ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობის შემდეგ, რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზეც შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევა, რის შედეგადაც მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მიმავალ მძღოლებს აღარ მოუწევთ გამზირის ტრანზიტულად გავლა და ზეთისხილის ხესთან მოტრიალება. სანაპიროდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ მთაწმინდის ზედა ქუჩებზე ასვლა და უკუმიმართულებით პირდაპირ სანაპიროზე ჩასვლა. ასევე მთაწმინდის ზედა ქუჩებიდან ჩამოსვლისას მძღოლებს აღარ მოუწევთ თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება და მარცხნივ მოხვევით, პირდაპირ გავლენ კოსტავას ქუჩის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი სატრანსპორტო კავშირების მოწყობის შედეგად, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების საჭიროება შემცირდება.
„არსებული სატრანსპორტო სქემის პირობებში, ჩვენი მონაცემებით, ავტომობილების, დაახლოებით, 30%-ს რუსთაველის გამზირზე ტრანზიტულად გადაადგილება უწევდა. ახალი კავშირების მოწყობის შედეგად, ამ გადაადგილების საჭიროება მნიშვნელოვნად შემცირდება. მაგალითად, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით შესაძლებელი იქნება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის (ყოფილი ელბაქიძის აღმართის) მიმართულებით გადაადგილება და პირიქით. თავისუფლების მოედნიდან ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობისას კი, მარცხნივ მოხვევით, შესაძლებელი გახდება კაკაბაძეების ქუჩაზე ასვლა.
იქ, სადაც აქამდე მძღოლებს ზედმეტი მანძილის გავლა და შემოვლითი მარშრუტებით სარგებლობა უწევდათ, გაჩნდება პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები. სწორედ ეს არის მოძრაობის ახალი სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა - ზედმეტი გადაადგილების შემცირება და სატრანსპორტო ნაკადების უკეთ ორგანიზება“, - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა შუქნიშნების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათი საშუალებით ნაწილდება სატრანსპორტო ნაკადები და ქვეითები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. მან აღნიშნა, რომ საახალწლო ღონისძიებების გამო, რომელიც რესპუბლიკის მოედანზეა დაგეგმილი, გამზირი მოგვიანებით დაიხაზება და შუქნიშნებიც მოგვიანებით ჩაირთვება.
„შუქნიშნების დანიშნულება მხოლოდ ავტომობილების გაჩერება არ არის. მათი საშუალებით ხდება სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების განაწილება, ახალი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილება. რუსთაველის გამზირის შემთხვევაში, სწორედ შუქნიშნებით რეგულირებული ახალი კვანძები გვაძლევს იმ პირდაპირი კავშირების შექმნის შესაძლებლობას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის პერიოდში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იქნება, გამზირი ცოტა მოგვიანებით დაიხაზება და შუქნიშნებიც ჩაირთვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მერი მთაწმინდაზე მოძრაობის ახალ სქემების შემუშავებასაც აანონსებს და ამბობს, რომ ის რუსთაველის გამზირის ახალ სქემასთან უნდა ეთავსებოდეს.
„ამასთან, მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.
ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და ქვეყნის მთავარი გამზირი მოქალაქეებს "სულ მალე" განახლებული სახით დაუბრუნდება. კახა კალაძეს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ ხელშეკრულებით სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
























