მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, მაისში დაიწყება - "გამზირი რადიკალურად შეიცვლება"

მოძრაობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სავარაუდოდ მაისიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება. მან ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას. გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში, ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ მაისის თვეში დავიწყეთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა რომ სრულიად დავამთავროთ",- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ტროტუარი, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

„გამზირი რადიკალურად შეიცვლება, იქნება ახალი დიზაინი, კომფორტული და, რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, პროექტი იქნება ძალიან ლამაზი და ეფექტური. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ვგეგმავთ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასაც. შენობების დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ამ ძეგლების რეაბილიტაცია, რაც რამდენიმეწლიანი პროექტი იქნება, რადგან გვინდა რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ ფასადების, არამედ მთლიანად შენობების გამაგრება და მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის დაანონსებული რეაბილიტაციის ფარგლებში 4 ტენდერი 2024 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 28 440 411 ლარი იყო. წინადადებების მიღება 14 იანვარს დასრულდა.

პრეტენდენტის არ არსებობის გამო ვერ შედგა 8.7 მილიონიანი ტენდერი, რომელიც ალ. ჭავჭავაძის ქუჩიდან ზ. ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა. ასევე, იმავე მიზეზით ჩავარდა 6.8 მლნ-ს ღირებულების ტენდერი ზ. ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობდა.

4.3 მლნ-ს [თ. ჭოველიძის ქუჩიდან მ/ს „რუსთაველი“-მდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია] და 8.4 მლნ-ს [მეტროსადგურ რუსთაველიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთის რეაბილიტაცია] ტენდერების შემთხვევაში პრეტენდენტი მხოლოდ ერთი კომპანია შპს დინ გრუპია. ახლა, შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

ამ საკითხზე კახა კალაძემ თქვა, რომ ორ ტენდერზე გარკვეული შეუსაბამობები იყო და ამის გამო კომპანიებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა.

"თუმცა, ხელახლა ჩატარდება და გამარჯვებული კომპანიებიც გვეყოლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები