თბილისის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტი ტენდერს გამოაცხადებს, თუმცა კახა კალაძეს თარიღი არ დაუკონკრეტებია. როგორც მან აღნიშნა, გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაშია და შენობებს საფრთხეს უქმნის.
გაცხადებული ინფორმაციით, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას მაისის შუა რიცხვებიდან გეგმავს.
"რუსთაველზეც [რეაბილიტაციაზე] გამოცხადდება ტენდერი, იქნება დაინტერესებული კომპანიები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. რუსთაველიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნის შენობა-ნაგებობებს. შესაბამისად, სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება. ტენდერს დაველოდოთ", - განაცხადა კალაძემ bm.ge-ს კითხვის პასუხად.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამზირის რეაბილიტაციისთვის ჩაიშალა. რომლებიც თბილისის მერიამ 20 თებერვალს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ამ ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
ცნობისთვის, თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.




























