მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავი ქართულ ჭიდაობაში საერთაშორისო აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს

ხეჩიკაშვილი ჭიდაობა

სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის ფონდის, ქართული ჭიდაობის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, 19 დეკემბერს, რუსთავი ქართულ ჭიდაობაში საერთაშორისო აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას, 12-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. მათ შორის მოქმედი და ვეტერანი ქართველები, სხვადასხვა საჭიდაო სახეობებიდან.

ქართულ ჭიდაობაში გასამართი შეჯიბრების შესახებ "საქმიან საღამოში" ვრცლად ისაუბრა ტურნირის ორგანიზატორმა, "სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის ფონდის" პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სპორტის ის სახეობები, რომლებშიც ქართველები საერთაშორისო დონეზე ყველაზე წარმატებულები არიან - ჭიდაობა და ძიუდოა, რომელთა პირველწყაროდ, გარკვეულწილად, სწორედ ქართული ჭიდაობა შეგვიძლია ჩავთვალოთ. ტარიელ ხეჩიკაშვილი დასძენს, რომ ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი მოტივიც სწორედ ეს გახდა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ქართული ჭიდაობა ეროვნულ საგანძურადაა მიჩნეული, რის გამოც უკვე საერთაშორისო ტურნირები ტარდება. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჭიდაობის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს, რადგან ასეთ შეჯიბრებას გვერდში უდგანან. უცხოელ ფალავნებს ტურნირში მონაწილეობა სურთ და აუცილებელია, ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდეს", - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საქმიან საღამოში".

ქართული ჭიდაობის ტურნირის საპრიზო ფონდი 90 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც აბსოლუტური ჩემპიონი 35 ათას ლარს მიიღებს. კითხვაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ტურნირისადმი საერთაშორისო ინტერესის გასაზრდელად დაფინანსების გარდა, ტარიელ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების გაშუქება.

„უმნიშვნელოვანესია ტურნირის გაშუქება, მისი შეფუთვა და ხარისხიანი პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის. კარგად შეფუთული პროდუქტი მაყურებლისა და სპონსორების ინტერესს გამოიწვევს, რაც, ბუნებრივია, საპრიზო ფონდსაც გაზრდის. ეს პროფესიონალურ სპორტსაც მისცემს გარკვეულ ბიძგს, მაგრამ თან უნდა მოვახერხოთ, სპორტში კომერციალიზაცია გავზარდოთ და ინვესტიციები სპორტის განვითარებას მოვახმაროთ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა "საქმიან საღამოში".

ცნობისთვის გეტყვით, რომ ფალავნობა საქართველოში 1928 წლიდან რეგულარულად ტარდება, ხოლო ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში არის შესული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები