მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავის აზოტი” 24 მგვტ-იანი მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

რუსთავის აზოტი

სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელი „რუსთავის აზოტი“ ელექტროენერგიით თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით ახალ პროექტებს აანონსებს.

როგორც საწარმოს მფლობელი „ინდორამა კავკასიის“ დირექტორმა ლევან ბურდილაძემ „საქმის კურსთან“ განაცხადა დაგეგმილია კიდევ ერთი, 2 მეგავატიანი ორთქლის ტურბინის მოწყობა, ამიაკის საწარმოში, რომელიც ჰაერში გამოფრქვეული ორთქლის შეგროვებას და ელექტროენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს. მსგავსი, Siemens-ის 9 მეგავატიანი ორთქლის ტურბინის გენერატორის ბაზაზე, კონდენსაციური ელექტროსადგური კომპანიამ 2019 წელს გახსნა და მისი მეშვეობით 7-7.5 მეგავატი ელექტროენერგიის მიღებას ახდენს.

„წლების მანძილზე „რუსთავის აზოტი“ ჰაერში უშვებდა საწარმოს მიერ გამოყოფილ ორთქლს და ვერ ხდებოდა ამ ორთქლის, როგორც ენერგორესურსის გამოყენება. მაგრამ ჩვენ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტა მოვძებნეთ ამ საკითხს. Siemens-მა დაგვიმზადა 9-მეგავატიანი სიმძლავრის ორთქლის ტურბინა და დღესდღეობით ამ ორთქლით საკუთარი მოხმარებისთვის 7, ზოგჯერ 7.5 მეგავატ ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით. ჩვენი მოხმარება არის 32 მეგავატი, თუმცა როდესაც გაქვს 7 -7.5 მეგავატი ელექტროენერგია საკუთარი წყაროდან, ეს არის ძალიან დიდი შეღავათი. გეგმაში გვაქვს მსგავსი, ოღონდ უფრო მომცრო სიმძლავრის ტურბინის მოწყობა ამიაკის წარმოებაში. ეს იქნება 2 მეგავატიანი ტურბინა“, - აცხადებს ლევან ბურდილაძე.

მისი თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელზედაც კომპანია აქტიურად მუშაობს მზის ელექტროსადგურის მშენებლობაა. განიხილება 24 მეგავატი დადგმული სიმძლავრის სადგურის მოწყობა.

„მზის პანელები უკვე ჩამოტანილია და გვინდა სადგური ექსპლუატაციაში მომავალ წელს შემცირდეს. როდესაც მზის, განახლებადი ელექტროენერგიის სადგურზე დადგმული სიმძლავრის სრულად ათვისება რთულია. გამომუშავება დღისით, მზიან ამინდში მოხდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საშუალოდ 7-8 მეგავატის გამომუშავებას მაინც შეძლებს ეს სადგური. ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ფაქტობრივად, ჩვენი მოხმარების ნახევარი ელექტროენერგია დაგენერირდება ჩვენივე წარმოებაში“, - აცხადებს ბურდილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები