„რუსთავის აზოტის“ მმართველი კომპანია „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, კომპანიას დიდი გეგმები აქვს და უკვე დაწყებულია ახალ პროექტებზე მუშაობა.
მან BMG-სთან საუბრისას ორი პროექტი გამოყო, რომლებზეც უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტები გაფორმებულია და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
ლევან ბურდილაძის თქმით, ოპტიმისტური გათვლებით, მომდევნო წლის ბოლოდან დაიწყება ახალი პროდუქტის - ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარამდეა.
„საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. უკვე დაწყებული გვაქვს ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია. ერთ-ერთი არის ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის წარმოება, რომელიც მხოლოდ ინდუსტრიული მიზნებისათვის გამოიყენება. უკვე გავაფორმეთ უცხოურ კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელიც პროექტს გვიკეთებს და ვფიქრობთ, ოპტიმისტური გათვლებით, მომავალი წლის ბოლოსთვის, ან 2026 წლის პირველ კვარტალში მაინც, უკვე გვექნება ფოროვანი ამონიუმის ნიტრატის სრულიად ახალი წარმოება“,- აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.
ამასთან, ხელშეკრულება გაფორმებულია ორთქლის ტურბინა გენერატორის მონტაჟზე, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
„ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, 1 მეგავატის სიმძლავრის ორთქლის ტურბინა გენერატორის მონტაჟს ვაპირებთ ჩვენივე წარმოებაში, რომელიც ჩვენი ტექნოლოგიური პროცესებიდან წარმოქმნილ ორთქლზე იმუშავებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიის, რომელსაც ჩვენივე მიზნებისთვის მოვიხმართ“,- ამბობს „ინდორამა კავკასუსის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ამასთან, კომპანია მომავალ წელს გეგმავს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) 2 მილიონი ევროს გრანტით დაფინანსებული პროექტის დასრულებას, რომელიც ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად.