ქალაქ რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავში უსიამოვნო სუნის პრობლემა კვლავაც ერთ-ერთ მთავარ გარემოსდაცვით გამოწვევად რჩება. ამის შესახებ მან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„ქალაქში გამოწვევად რჩება უსიამოვნო სუნი. რამდენიმე გზშ-ში ვნახეთ იყო პრობლემა სუნთან დაკავშირებით და ის ნორმები, რაც იყო დაცული, დღეს რეალურად პრობლემას ქმნის. რამდენიმე საწარმოზე გვქონდა საუბარი სამინისტროსთან და გზშ-ს რომ გავყვებით და დოკუმენტს თუ გავყვებით, ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, თუ არის ამის შესაძლებლობა, კარგი იქნება გადაიხედოს რამდენიმე გზშ“, - აღნიშნა ლაცაბიძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე სუნი წარმოიქმნება ჯართის ღია წესით დაჭრისას, რაც ქალაქის გარემოზე სერიოზულ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, პრობლემად რჩება ნაგავსაყრელის საკითხიც, რომლის მოგვარებაზე მერია გარემოს დაცვის სამინისტროდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება.
„ქალაქის გარკვეულ უბნებში სუნი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. სამინისტროსთან ერთად ჩატარდა მონიტორინგი და 500-მეტრიან რადიუსში, სადაც დარღვევა არ დაფიქსირდა, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა ისევ რჩება და საჭიროა გენერალური გეგმების გადახედვა“, - განაცხადა რუსთავის მერმა.
ლაცაბიძის განმარტებით, ასევე ძირითადი გამოწვევაა საწარმოები : „ვიცით, რომ გადაიარაღება და თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა 2021 წლის შემდეგ ქალაქზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუმცა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ შესაბამის გადაიარაღებას, მნიშვნელოვანია სამინისტროს უფრო აქტიური ჩართულობა. მუნიციპალურ დონეზე კი, 2026 წლიდან გვაქვს ახალი ღონისძიებები დაგეგმილი, რომლებიც ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის ფარგლებში ჩვენი ვალდებულებების შესრულებას მოემსახურება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.




























