მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული ბაზარი გაჯერდა, ბაზრის დივერსიფიკაციაა საჭირო“ - ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია

62e81acd5057a
ალა ისპირიანი
01.08.22 22:22
1204
ატმის ექსპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით საექსპორტო ბაზრებზე 5-ჯერ ნაკლები ატამი გავიდა, ვიდრე 2021 წლის ამავე პერიოდში.

აღნიშნულის მიზეზად ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე რამდენიმე პრობლემას ასახელებს. ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „საქმის კურსში“ განმარტა, რომ გარდა იმისა, რომ რუსეთის ბაზარი გაჯერდა, ერთ-ერთი მიზეზი ფერმერების ექსპორტიორების მიმართ დამოკიდებულებაც არის.

„გვიან დაიწყო მოსავლის მიღება და შესაბამისად ექსპორტიც გვიან განხორციელდა, მაგრამ ლოჯისტიკური კუთხით შეფერხებებიც იყო. ასევე წინა წელთან შედარებით, ჩვენს პროდუქციას რუსეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენცია შეხვდა. თუ საექსპორტო ბაზარზე კარგი მოთხოვნაა და კარგ ფასად იყიდება პროდუქცია მიწოდების კუთხით პრობლემა არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს და ყველა საჭირო დოკუმენტაციას შეუფერხებლად ვიღებთ. ასევე გზებზე პრიორატი გვაქვს, რადგან ქართული მალფუჭებად პროდუქციას პრიორიტეტი მიენიჭა. უბრალოდ თვითონ რუსული ბაზარი გაჯერდა რადგან სხვა და სხვა ქვეყნებში კარგი მოსავალი დაფიქსირდა და რუსეთის ბაზარზე შევიდა. ჩვენ ის დაგვრჩენია, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია გვქონდეს და ვიყოთ კონკურენტუნარიანები“, - ამბობს იგი.

მისი თქმით, საქართველოში გაზრდილია სოფლის პროდუქტების გაშენების რიცხოვნობა, რისთვისაც აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება.

„რუსეთის ალტერნატივა დასავლეთ ევროპის მიმართულება გვაქვს. შარშან წინ პოლონეთში ვაშლატამას და ატმის ექსპორტი განვახორციელეთ. ამ ბაზრებისთვის ხარისხზე მუშაობაა საჭირო და შესაბამისი სტანდარტის პროდუქცია უნდა იყოს. ახალი პროგრამების ხელშეწყობით იმ რაოდენობის პროექტია გაშვებული, რომ ექსპორტზე გატანა აუცილებელია. აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაციაზე ზრუნვა და თუ ეს არ მოხდა ყოველთვის რეალიზაციის პრობლემა იქნება“, -აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.

მისივე თქმით არის შემთხვევები, როდესაც ექსპორტიორებს ფერმერები დაბალი ხარისხის პროდუქციის ატანენ, რაც ქართული პროდუქციის მიმართ ნდობის დაკარგვას იწვევს.

„ფერმერები ხშირად ცდილობენ ექსპორტიორებზე დაბალი ხარისხის პროდუქციის "შესაღებას". ეს კულტურა არ არის ჩამოყალიბებული. ასევე მიკვლევადობის საკითხიც არ არის ჩამოყალიბებული. მაგალითად რით არის შეწამლული და არა ხარისხის პრეპარატებია გამოყენებული.

მაგალითად, ჩვენმა ერთ-ერთმა ექსპორტიორმა გარკვეული პროდუქცია გაგზავნა და ქსელებში შესვლის შემდეგ წუნდებული აღმოჩნდა და მალე დალპა. ეს სავარაუდოდ მეტია აზოტის ოდენობით იყო გამოწვეული და რა თქმა უნდა, როცა ერთხელ ექსპორტიორი შემოსავალს დაკარგავს და მეორედ მოხდება ასეთი ფაქტი მას აღარ უჩნდება სურვილი, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს", - აცხადებს ბეჟიტაშვილი. 

ინფორმაციისთვის, სარეალიზაციო ბაზრების მიხედვით, ქართული ატამი თითქმის სრულად მეზობელ ქვეყნებში იყიდება. მთავარი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთია, რაზეც მთლიანი ექსპორტის 66% მოდის.

ატმის ექსპორტის მცირე მოცულობაზე განმარტება სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გააკეთა. მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის თქმით, იმის გამო რომ გაზაფხული ძალიან ცივი და წვიმიანი იყო, მოსავალმა დამწიფება გვიან დაიწყო, შესაბამისად გასულ წელს ატმის პირველი პარტიების გაგზავნა ექსპორტზე თუ მაისში დაიწყო, წელს პროცესმა დააგვიანა. გელა ხანიშვილის განმარტებითვე, კარგი რიცხვებია ივლისის მონაცემებით, რადგან 7 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები