მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ემბარგო პოლიტიკური ყურის აწევაა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის - საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში

კემულარია

“ ეს არის პოლიტიკური ყურის აწევა, რომ რაღაცა არ მოსწონთ ივანიშვილის ხელისუფლებაში” - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში კოტე კემულარია რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესებას. მისი შეფასებით, რუსეთის სვლა პოლიტიკური ზეწოლისა და „ყურის აწევის“ მცდელობაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მას პროდუქციის ხარისხთან კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, 9-მდე გაიზარდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაც რუსეთში სასმლის იმპორტი აეკრძალათ. პრორუსი ბიზნესმენის მამუკა ფიფიას ინფორმაციით, სანქციები რუსეთმა ამჯერად 2 ქართულ კომპანიას, "ვინივერიას" და "შატო მუხრანს" დაუწესა, მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბაზარზე შვიდი ქართული კომპანიის პროდუქციის აკრძალვის შესახებ. რუსეთში პროდუქციის გაყიდვა აკრძალული აქვთ „ნაბეღლავს“, „კოკა-კოლას“, „თელიანი ველს“, „თბილღვინოს“, „ვაინმენს“, „ასკანელი ძმებს“ და „ქართული ლუდის კომპანიას“.

„ეს უფრო პოლიტიკური საკითხია და ამას ეკონომიკასთან და ღვინის ხარისხთან არაფერი კავშირი არ აქვს. წინა ემბარგოსგან განსხვავებით ახლა პირდაპირ ითქვა, რომ ეს კომპანიები კავშირზე ყოფილან და მხარს უჭერენ თურმე უკრაინას. განა პოლიტიკური არ არის ეს საკითხი?! რა კავშირშია ღვინის მიწოდება უკრაინის მხარდაჭერასთან, ხომ?!

რუსეთს თავად შეუმცირდა ღვინის წარმოება, იმიტომ რომ ომშია, საშინელ ომშია და არც ეღვინებათ და არც ექეიფებათ, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი დარტყმაა.

ეს არის გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ყურის აწევა, რომ რაღაცა არ მოსწონთ საქართველოში, რაღაცა არ მოსწონთ ივანიშვილის ხელისუფლებაში. ეს არის და უკავშირდება მთავარ საკითხს: ფრენები რომ გახსნეს, თუ გახსოვთ, მაშინ პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოდან საპასუხოდ მორიგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა.

ეს ძალიან სტკივა მოსკოვს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ვერ მოახერხა. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ამისთვის — ღვინოს გზა გაუხსნეს, პირდაპირი ფრენები გახსნეს. თვლიან, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ეს გაეკეთებინა. საქართველომ ეს ნაბიჯი არ, ან ვერ გადადგა, როგორც პრემიერი ბრძანებს, იმიტომ რომ ეს პირდაპირი აღიარება იქნებოდა ოკუპირებული ტერიტორიების და გასაგებია”,-აცხადებს კოტე კემულარია.

დიპლომატის შეფასებით, ამას უკავშირდება პრემიერის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც. ეს აღარ არის უბრალოდ „ხილ-ბოსტნისა და ღვინის დიპლომატია“, როგორც აბაშიძე-კარასინის ფორმატს მოიხსენიებდნენ, არამედ გაცილებით მაღალი დონის პოლიტიკური ნაბიჯია - ასე აფასებს კოტე კემულარია საგარეო უწყების მოქმედი პირველი მოადგილის გიორგი ზურაბაშვილის რუსეთთან სპეც-წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნას.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ეს ნაჩქარევი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის მზადების სიგნალია, რასაც მოსკოვშიც შესაბამისი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

“ეს არის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის „რისხვის შერბილების“ მცდელობა იმის დასანახებლად, რომ თბილისი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ორმხრივი ურთიერთობების დასალაგებლად”,-განაცხადა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ყოფილმა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები