მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერგეი შოიგუმ დასავლეთი საქართველოსა და სომხეთის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა

შოიგუ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ დასავლეთის ქვეყნები საქართველოსა და სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა. რუსმა მაღალჩინოსანმა ეს განცხადება უშიშროების საბჭოს სამეცნიერო-საექსპერტო საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე გააჟღერა. TASS-ის ცნობით, შოიგუმ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ყურადღება გაამახვილა და დასავლელი აქტორები რეგიონული პოლიტიკური პროცესებით მანიპულირებაში "ამხილა".

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებით, მეზობელ ქვეყნებს შორის გადაულახავი წინააღმდეგობები არ არსებობს. მისი აზრით, დროა, გამოვლინდნენ დაპირისპირების პროვოცირებით დაინტერესებული გარე აქტორები. მისი თქმით, დასავლეთი რეგიონში მანიპულაციური ქმედებებით მიზნად მომგებიან ეკონომიკურ სექტორებზე, რესურსებსა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ დერეფნებზე კონტროლის შენარჩუნებას ისახავს. რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, კავკასიის რეგიონში არსებული უთანხმოებების უკან სწორედ ეს გეოპოლიტიკური ინტერესები დგას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სერგეი შოიგუმ საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაც გამოიყენა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ქართველი მაღალჩინოსნის პოზიცია შეაქო და მის შეფასებებს "მკაფიო და გონივრული" უწოდა.

ცნობისთვის, პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ესკალაცია შესაძლოა გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედიოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები