რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მიწოდების წყაროების ჩასანაცვლებლად, ევროკავშირი თანამშრომლობის გაღრმავებას აფრიკულ სახელმწიფოებთანაც გეგმავს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი განსაკუთრებით დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილით, კერძოდ, ნიგერიით, სენეგალითა და ანგოლით - აღნიშნულ რეგიონში თხევადი გაზის საკმაოდ დიდი რეზერვებია, რომელიც ადგილობრივი ენერგეტიკული სისტემების მიერ, ფაქტობრივად, არ არის ათვისებული.
რუსეთის ჩანაცვლების მიზნით, ევროკავშირი გეგმავს, რომ თხევადი გაზის იმპორტი 50 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო მილსადენების საშუალებით, ბუნებრივი აირის შესყიდვა, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრით გაზარდოს; ენერგეტიკული რესურსების აღნიშნული მოცულობა კი EU-მ ახალი სავაჭრო პარტნიორების დახმარებით უნდა მიიღოს.
თანამშრომლობის ზუსტი დეტალები და ევროკავშირის გეგმები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ დასრულებული სახით სტრატეგიის დოკუმენტი მომდევნო თვეს გასაჯაროვდება.
ამჟამად ევროკავშირი იმპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის დაახლოებით 40%-ს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი ბუნებრივი რეზერვები აქვს.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმის თანახმად, მომდევნო წლებში გაერთიანებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება - ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, კერძოდ, აიკრძალა ქვანახშირის იმპორტი, ევროკომისიამ კი დღეს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის ინიციატივაც წარადგინა.
ქვანახშირისა და ნავთობისგან განსხვავებით, ბუნებრივი აირის მიწოდების სექტორში რუსეთის მყისიერად ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან მიწოდების არხების შესაცვლელად აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კი ახალი მილსადენების გაყვანაა, რომელთა უდიდეს ნაწილს ამჟამად რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო კომპანიები ფლობენ.
წყარო - Forbes.ge