რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao, "თელასში" საკუთარი წილის 100%-მდე გაზრდას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული სატენდერო წინადადებიდან ხდება ცნობილი. ანალოგიური განცხადება გამოქვეყნდა "თელასის" ვებგვერდზეც.
ამჟამად Inter Rao "თელასის" 75.1%-ის პაკეტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით ფლობს. დანარჩენი 24.52% 2020 წლიდან ეკუთვნის ქართულ კომპანია "ბესტ ენერჯი ჯგუფს", რომელიც "CBS ჰოლდინგში" შემავალი კომპანიაა. იქამდე, წლების განმავლობაში "თელასის" მინორიტარი აქციონერი საპარტნიორო ფონდი იყო, რომელმაც აქციათა პაკეტი 2020 წელს 32 მილიონ ლარად გაასხვისა. BMG-იმ როგორც "თელასის" მფლობელს Inter Rao-ს, ასევე CBS ჯგუფს მიმართა კითხვით. CBS ჯგუფში განმარტავენ, რომ შემოთავაზებას არ დათანხმდებიან და წილის გასხვისებას არ გეგმავენ.
მაცნეზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომპანიის თითოეული აქციის გამოსყიდვის შეთავაზება 1.82 ლარს შეადგენს, რაც აქციების რაოდენობის გათვალისწინებით 51 მილიონ ლარს აღწევს.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის შესაბამისად გამოცხადებული წინადადება რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს:
- გამოსყიდვის ფასი: ერთი ჩვეულებრივი აქციის ღირებულება 1.82 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ფასი შეაფასა აუდიტორულმა კომპანია „KPMG საქართველომ“. ოფერენტის განცხადებით, ეს თანხა არ არის იმაზე ნაკლები, ვიდრე ბოლო 6 თვის განმავლობაში კომპანიის მიერ აქციებში გადახდილი მაქსიმალური ფასი.
- გამოსასყიდი პაკეტი სულ 27,985,461 აქციას მოიცავს (50,933,539 ლარი).
- სატენდერო წინადადება ძალაში შევიდა 2026 წლის 30 იანვარს და აქციონერებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო 31 მარტის 18:00 საათამდე აქვთ.
აქციონერებმა, რომელთაც სურთ საკუთარი წილის გასხვისება, წერილობითი განცხადებით (აქცეპტით) უნდა მიმართონ ოფერენტს „თელასის“ ცენტრალურ ოფისში.
ვადები
1-ელიდან 7 აპრილამდე: წარდგენილი განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
24 აპრილამდე: აქციების შესყიდვისა და ანგარიშსწორების დასრულება.
შენიშვნა: დადგენილების მიხედვით, Silk Road Holdings B.V. იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ვადის ამოწურვამდე ან მის შემდეგ გააუქმოს სატენდერო წინადადება,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წლის 24 დეკემბერს მორიგებით დასრულდა ტარიფებთან დაკავშირებული მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობამ წააგო და ის კომპენსაციის სახით "თელასის" მფლობელს Inter Rao-ს 139 მილიონ დოლარს გადაუხდის.




























