მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი", ანტიდასავლური რიტორიკა - რას არეკლამებდა "ოცნება" სოცქსელებში?

რეკლამები

2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით Facebook-სა და Instagram-ზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად "ქართული ოცნების" მიერ ხელმეორედ ინიციირებულ და მიღებულ "რუსულ კანონს" უკავშირდებოდა. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიმოხილვაშია აღნიშნული.

ISFED-ის თანახმად, კანონპროექტის მხარდასაჭერად სარეკლამო კამპანია ხორციელდებოდა, როგორც "ქართული ოცნების", პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების Facebook გვერდების მეშვეობით, ისე ხელისუფლების მხარდამჭერი ანონიმური გვერდების საშუალებით.

ISFED-ის ინფორმაციით, რეკლამებზე დახარჯული თანხის სიდიდით გამოირჩეოდა „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი, რომელზეც 50 ათას დოლარზე მეტი ღირებულების პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი "რუსულ კანონს" დაეთმო.

"პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარტიის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად მიმდინარეობდა კამპანია, ერთი მხრივ, კანონის საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლელი დონორების წინააღმდეგ. მათ შორის, ვიდეო რეკლამების სახით განთავსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი 7 საკითხი ქვეყანაში ამ კანონის მიღების მოტივაციების შესახებ. კერძოდ, გვერდზე განთავსებულ რეკლამებში, პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს რევოლუციის მცდელობებში, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის დაგეგმვასა და რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერაში, აგრეთვე, ლგბტ პროპაგანდის წარმოებაში, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემატურ მცდელობასა და რუსეთთან ომის მეორე ფრონტის გახსნის კამპანიაში ადანაშაულებდა. მოცემული გზავნილების შესახებ თითოეული ვიდეოს რეკლამაში 300-დან 400 აშშ დოლარამდე დაიხარჯა",- აღნიშნულია მიმოხილვაში.

ამასთან „ქართული ოცნების“ გვერდზე განთავსებული რეკლამების მეშვეობით საქართველოს დასავლელ პარტნიორებსა და დონორებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ საქართველოს „უკრაინიზაციას“, ქვეყანაში არეულობას, ქაოსსა და ომს.

ამავე პერიოდში „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ „კრისტის“ აუქციონზე შეძენილი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემის შესახებ რეკლამებიც. აღსანიშნავია, რომ ამ თემას მიეძღვნა არაერთი რეკლამა სხვა გვერდებზეც. დასპონსორებულ პოსტებში ივანიშვილი დიდ მეცენატად მოიხსენიებოდა და/ან ხაზი ესმებოდა მის დამსახურებას ქვეყნისა და ერის წინაშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები