პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ „რუსული კანონი“ ქვეყანას არ დააზარალებს და დემოკრატიას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, კანონის ნეგატიურ გავლენებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ეს კანონი არა თუ დაგვაზარალებს, პირიქით, უფრო გააძლიერებს სახელმწიფოს, ვინაიდან მოქალაქეებს ექნებათ მეტი ინფორმაცია, რა გავლენები ხდება პოლიტიკაზე თუ მის მიღმა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ვის მიერაა ეს დაფინანსებული და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დემოკრატიაც კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს არის დემოკრატიის ანი და ბანი - რაც უფრო მეტი გამჭვირვალობაა, მით უფრო ძლიერია დემოკრატია, მათ შორის ძლიერია საზოგადოება დეზინფორმაციის მიმართ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკავშირში შეჩერებულ გაწევრიანებასთან და გაჩერებულ დახმარებებთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პრიორიტეტებს უნდა შევხედოთ, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერეა.
"თუ ეკონომიკურად მაჩანჩალა ქვეყანა ვიყავით, პოლიტიკურად ვიყავით მოწყვლადი და სხვების გავლენების ქვეშ მყოფი, ასეთ ქვეყანას არც ევროკავშირში მიიღებენ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებაში. ეკონომიკური წინსვლის მხრივ საქართველო ევროპაში ლიდერია, მათ შორის მოლდოვასთან შედარებით, რომელიც კანდიდატიც არის, მოლაპარაკებაც დაწყებული აქვს და როგორც ზოგიერთი NGO გვიმტკიცებდა, მილიარდები უნდა დასცემოდათ თავს უცებ. ხედავთ, რომ ჯერჯერობით ეს მილიარდები ან არ ეცემა მოლდოვას ან იყენებენ როგორც საჭიროა, ვინაიდან საქართველოს მოლდოვასთან შედარებით, თუ არ ვცდები, 7-ჯერ თუ 8-ჯერ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. საერთო ჯამში, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს სწორი პოლიტიკა. რაც შეეხება პოლიტიკურ მიმართულებას, რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ყველა ორგანიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქეების ცხოვრებაზე, ეს უფრო გააძლიერებს თითოეულ მოქალაქეს, გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიას და მას უფრო რეზისტენტულს გახდის გარე გავლენების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.