მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი იძულებით რეგისტრაციასაც ითვალისწინებს. ყველა გზას გამოვიყენებთ ამ კანონის წინააღმდეგ" - გურამ იმნაძე

გურამ იმნაძე

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან, ე.წ. რუსული კანონი ძალაში შევიდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ ისინი ყველა შესაძლო გზას გამოიყენებენ, ამ კანონის წინააღმდეგ.

მისივე განმარტებით, კანონი პოლიტიკური კონტექსტიდანაც არ უნდა გაიმიჯნოს, რადგან ის თავიდანვე პოლიტტექნოლოგიური ბრძოლის ნაწილი იყო.

"პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს კანონი არის საქართველოს კონსტიტუციასთან არათავსებადი. ფაქტობრივად, არაერთ დებულებას ლახავს. ამიტომ, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივი სარჩელიც შევიტანეთ და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებასაც ვფიქრობთ.

ეს კანონი იძულებითი რეგისტრაციის კომპონენტს ითვალისწინებს. ეს ჩადებულია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც უარს აცხადებენ რეგისტრაციაზე და მონიტორინგის შედეგად გამოირკვევა, რომ უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, იუსტიციის სამინისტრო ასეთ ორგანიზაციებს იძულებით დაარეგისტრირებს.

ეს კანონი არ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური კონტექსტისგან. იგი მთლიანად პოლიტტექნოლოგიური ბრძოლის ნაწილი იყო იმთავითვე და ახლაც. შესაბამისად, პოლიტიკურ მდგომარეობას არსებითი მნიშვნელობა ექნება ჩვენზეც. ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და ეს უფრო მიემართება სამართლებრივ დავას. ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ როგორც შიდა ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის მექანიზმებს, თუმცა ამის მიღმა უკვე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტექსტი. თუ კი არჩევნებზე არ მიეცემათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა, ეს კიდევ უფრო გამაღრმავებელი იქნება იმ პოლიტიკური კრიზისის, რაც ისედაც არსებობს. ამასთან, თუკი არჩევნების შედეგად არსებული პოლიტიკური სტატუს-კვო შენარჩუნდება, კანონიც რომ სულ დავივიწყოთ, არსებითად გაართულებს თავისუფალი სამოქალაქო ორგანიზაციების ფუნქციონირებას“,- აცხადებს იმნაძე.

მისივე ინფორმაციით, არც შიდა ეროვნულ და არც საერთაშორისო სასამართლოს პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცების, ავტოკრატიული მისწრაფებებისა და ა.შ. შეკავება არ შეუძლია. სასამართლოს მაქსიმუმ რაც შეუძლია, არის დროის გაჭიანურება და პროცესის ოდნავ მაინც გადადება.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენი შიდა ეროვნული სასამართლოები არიან ძალიან ძლიერი პოლიტიკური გავლენის ქვეშ და სამწუხაროდ, არც საკონსტიტუციო სასამართლოა ამ მხრივ გამორიცხული. თუმცა, ეს არის სარჩელი, რომელიც ამ სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის კეთილდღეობასა და მშვიდობიან ცხოვრებას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს. ჩემი მთავარი შიში არის ის, რომ შეიძლება სასამართლომ დროულად არ განიხილოს საქმე, არჩევნებს დაელოდოს და პოლიტიკური შედეგების მიხედვით წავიდეს საქმე, რაც არ იქნება სწორი.

იმ პირობებში, როდესაც კანონი მყისიერ, ეგზისტენციურ საფრთხეს ქმნის მედიებისთვის და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც იქნება მნიშვნელოვანი. მაგრამ, ის ვერ იქნება იმ ეფექტის, რომ თავისუფალი სივრცეები შეინარჩუნოს იმ ქვეყანაში, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არსებობდა, ამიტომ აქ პოლიტიკური პროცესებია გადამწყვეტი“,- ამბობს გურამ იმნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები