"მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი" (EECMD) "ოცნების" მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებით "ქართული ოცნება" საფუძველს აცლის ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას.
"ამ მოქმედებით, ქართული ოცნება სასიცოცხლო რისკს უქმნის ისედაც კრიზისში მყოფ ქართულ დემოკრატიას. ამასთანავე, ამ ნაბიჯით, ქართული ოცნება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ამით საფუძველს აცლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. გასულ წელს, „ქართული ოცნება“ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას დაპირდა, რომ რუსულ კანონს აღარ დააბრუნებდა პარლამენტში. მისი ხელახლა შემოტანა ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხაა.
კანონის ამოქმედება მოსპობს დამოუკიდებელ არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოში. რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას ეშინია სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების. ეს კანონი შეუძლებელს გახდის არჩევნების კონკურენტულ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებას და ამით, საფუძველს გამოაცლის მის სამართლიანობას და კანონიერებას.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსული კანონის განხილვა და არ გადაუხვიოს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს", - ნათქვამია განცხადებაში.