ე.წ. რუსული კანონი მესამე მოსმენით მხარდაჭერილია, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოც დადებულია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ნაწილში ფიზიკური პირების დავალდებულებასაც ეხება, მეორე მოსმენის დროს მიიღეს.
როგორც სისხლის სამართლის იურისტმა, საბა ბრაჭველმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, კანონში მთავარი ცვლილება მე-8 მუხლის მესამე პუნქტს შეეხო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის ფარგლებს გულისხმობს და ის როგორც ორგანიზაციაზე, ასევე ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.
მისივე ინფორმაციით, ამ ცვლილებით, სახელმწიფოს, ყველა ტიპის პერსონალურ ინფორმაციაზე, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა უჩნდება.
„ფაქტობრივად, სახელმწიფოს ყველა კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის და ამ ინფორმაციის კანონიერად მოთხოვნის შესაძლებლობა უჩნდება. მათ შორის, საიდუმლო პერსონალურ ინფორმაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყვის, მაშინ ის 5000 ლარით დაჯარიმდება. დაჯარიმება შესაძლოა განმეორებითაც მოხდეს, იქამდე, სანამ სახელმწიფო ინფორმაციას არ მიიღებს ან სანამ პირის ყველა ანგარიშს ყადაღა არ დაედება.
ამ კანონში მთავარი ის არის, რომ ის ფიზიკურ პირებსაც ეხებათ. თუ აქამდე კანონი მხოლოდ პერსონალურ მონაცემებს მოიცავდა, ახლა დააზუსტეს, რომ მათ საიდუმლო ინფორმაციებზე წვდომაც სურთ. მესამე ცვლილება, რაც არის, არის ის, რომ ჯარიმის ან კანონის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ანუ, ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლება ეძლევა ხელისუფლებას თითოეული ადამიანის მიმართ“,- აცხადებს ბრაჭველი.
მისივე ცნობით, ვენეციის კომისიაში კანონის პირველადი, ინიცირებული ვერსია იყო გაგზავნილი, სადაც ფიზიკურ პირებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა კომისიას უკვე მიღებული ვერსიაც გაუგზავნეს, რაზედაც იურისტი იმედოვნებს, რომ მათ დასკვნაში ასახული იქნება. დასკვნას კი უახლოეს დღეებში ელოდებიან.
„მოლოდინია, რომ ვენეციის კომისიამ უნდა თქვას, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, ვენეციის კომისია არის ლეგალისტური და იურიდიული კომისია, რომელიც ალბათ კანონპროექტს მუხლობრივად გაჰყვება და მუხლობრივ პრობლემებზეც ისაუბრებს. თუმცა, დასკვნა იქნება ის, რომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, რაც რა თქმა უნდა არის საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორების ხელისუფლებისადმი ერთიანი მოწოდება .
ამის შემდეგ, ამ კვირაში სავარაუდოდ ხელისუფლებაც იტყვის, თუ რას აპირებს ამ კანონთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, მათ მხოლოდ სამი გამოსავალი დარჩათ. ერთი არის ის, რომ მაინც მიიღონ და დაძლიონ ვეტო. მეორე არის ის, რომ არ დაძლიონ ვეტო და მესამე არის ის, რომ ვეტოს დაძლევის საკითხის განხილვა საშემოდგომო სესიაზე გადადონ. ანუ, რეალურად ახალმა პარლამენტმა განიხილოს ეს საკითხი. ცხადია, რომ მეორე და მესამე ვარიანტები არის ის, რაც არის ოპტიმალური და რაც იქნებოდა ერთგვარი კონსენსუსი როგორც ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნასთან, რომ ეს კანონი არ ამოქმედდეს",- აღნიშნა იურისტმა.
ბრაჭველი პრეზიდენტის ვეტოზეც საუბრობს და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" მცდელობა ჰქონდა, რომ პრეზიდენტს კანონპროექტი შეელამაზებინა, თუმცა ზურაბიშვილმა იმისათვის, რომ ვეტო გამართული ყოფილიყო, სახელმწიფოს ალტერნატიული კანონპროექტი წარუდგინა.
იურისტის ცნობით, პრეზიდენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არის ფორმალური, რაც ნიშნავს, რომ კანონპროექტი თუ მიიღეს, რუსული კანონი დაბადებისთანავე მკვდარი იქნება. ამგვარად, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა გადასული.