მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარია საკონსტიტუციო სასამართლომ მოვალეობა შეასრულოს და გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმები შეაჩეროს" - საბა ბრაჭველი "რუსული კანონზე"

საბა ბრაჭველი

საკონსტიტუციო სასამართლოში "რუსული კანონის" წინააღმდეგ 5 სარჩელი შევიდა და სარჩელების 3-დღიანი განხილვა უკვე დასრულდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა.

აღნიშნულ საკითხზე, სისხლის სამართლის იურისტი, საბა ბრაჭველი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ აცხადებს, რომ "მთავარია საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი მოვალეობა შეასრულოს და ნორმების შეჩერება გადაწყვეტილების მიღებამდე მოახდინოს".

ბრაჭველის ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესებელი სხდომის შედეგად ორი საკითხი უნდა შეაფასოს. პირველი, დასაშვებად ცნობს თუ არა იმ ოთხ სარჩელის,რომელიც იყო განხილული და მეორე, შეაჩეროს თუ არა დროებით ნორმების მოქმედება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ორი საკითხი. პირველი, დასაშვებად ცნობს თუ არა ის ოთხი სარჩელი რომელიც იყო განხილული. კერძოდ, პრეზიდენტის, პარლამენტის 38 დეპუტატის, ასევე 122 არასამთავრობო ორგანიზაციისა და ორი მედია ორგანიზაციის მხრიდან. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ეს შეეხება იმას, შეაჩეროს თუ არა ნორმების მოქმედება დროებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ „რუსული კანონის“ მთავარი რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს, შეჩერდეს.

როცა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, ამ დროს მოვითხოვეთ ის რომ ნორმა შეეჩერებინათ დროებით და დაჩქარებულად განეხილათ საკითხი. ჩვენ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა ერთ თვეში დაინიშნა, რაც დადებითი ნიშანია. თუმცა ასევე, რაც მთავარია ველოდებით, რომ ნორმები უნდა შეჩერდეს. ეს არის არაკონსტიტუციური ნორმები და მათი ამოქმედება დაუშვებელია.

ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ის ადამიანების უფლებას დაარღვევს, რომ გაერთიანდნენ საზოგადოებრივად სასიკეთო საქმეების გასაკეთებლად, რადგან ეს ახდენს მათ სტიგმატიზაციას, მათ მონიშვნას ისეთ პირებად, რომლებიც საკუთარ იდეებს კი არ ახორციელებენ, არამედ სხვის იდეებსა და სხვების დაკვეთებს აკეთებენ. რაც არის დაუშვებელი, ნეგატიური იარლიყის მიწებება“,-აცხადებს იურისტი.

მისივე ცნობით, აღნიშნული პირველ რიგში მედია ორგანიზაციებისთვის გამოხატვის თავისუფლებასაც ლახავს. კანონში ასევე მონიტორინგის მექანიზმი დევს, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ინფორმაციის, მათ შორის ყველანაირი საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ არა მხოლოდ ორგანიზაციიდან, არამედ ფიზიკური პირისგანაც.

„ეს პირველ რიგში მედია ორგანიზაციებისთვის გამოხატვის თავისუფლებასაც ლახავს, რადგან მედია ორგანიზაციებისთვისაც მთავარია რეპუტაცია, სანდოობა, მაყურებლის მხრიდან აღქმა, რომ სანდო მაუწყებელს უყურებს. გარდა ამისა, რესპონდენტების მხრიდან იმის ცოდნა, რომ მათთან შეიძლება თანამშრომლობა. ამ კანონში ასევე დევს მონიტორინგის მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ინფორმაციის, ყველანაირი საიდუმლო ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლიათ არა მხოლოდ ორგანიზაციიდან, არამედ ფიზიკური პირისგანაც. ეს ჯარიმებთან ერთად კიდევ ერთი არგუმენტია.

აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი, რა შეიძლება დაზიანდეს იმ შემთხვევაში, თუ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება. ამიტომ, ჩვენ ვნახეთ, რომ სამართლებრივად ძალიან ცალსახად დამტკიცდა, რომ სიმართლე იყო მოსარჩელის მხარეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით არ გააჩნია განსაზღვრული ვადები. განხილვის ზოგადი ვადა არის 9 თვე, თუმცა განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას როდის გამოიტანს, ეს კანონით დადგენილი არ არის. თუმცა, იმედი გვაქვს რომ არსებითი განხილვა დროულად ჩაინიშნება, ან საჭირო არც გახდება მისი ჩანიშვნა. თუ ეს ნორმების შეჩერება მოხდება, ცხადია საჩქარო არაფერი აღარ იქნება. მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობა და ნორმების დროებით შეჩერდეს“, - განაცხადა ბრაჭველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები