ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე ამბობს, რომ დონორების ნაწილმა ახალი პროექტების დაფინანსებაზე უარი განაცხადა, ხოლო ზოგიერთმა პროექტების დროზე ადრე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჯორჯაძემ BMGTV-ის გადაცემა "რედაქტ2"-ში სტუმრობისას განაცხადა, დონორების ნაწილი ამბობს, რომ დაელოდებიან არჩევნების შედეგებს და შემდეგ გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ.
"„ელკანას“ ნამდვილი წევრების ბოლო საერთო კრება გვქონდა 29 ივნისს, სადაც ვერ გადავწყვიტეთ, დავრეგისტრირდებით თუ არა უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების რეესტრში. ველოდებით იმ პროცედურების გამოქვეყნებას, თუ რა იქნება კრიტერიუმები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ. რა იქნება სანქციები და ა.შ. ჩვენ ამ კანონს ვეწინააღმდეგებით. მიგვაჩნია, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და ეს დავადასტურეთ ხელმოწერით, რომელიც არასამთავრობოებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ორგანიზაცია, გამოვლილი გვაქვს ბევრი კრიზისი, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რითაც დავიწყეთ თავიდან. იმედია, ქვეყანა გამოვა იმ გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ვართ“, - განაცხადა ჯორჯაძემ.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რეესტრში რეგისტრაცია არ შეეხოს ორგანიზაციას, რომელსაც ის წარმოადგენს, თუმცა „ელკანა“ მაინც „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იქნება.
„ეს [რუსული კანონი] რომც არ მეხებოდეს, დემოკრატიულ პროცესებს ეხება. ჩემი აზრით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვათ იქნება შეღავათები ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ჩვენ მაინც წინააღმდეგი ვიქნებით კანონის, რადგან ეს ზოგადად ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც უნდა დავასრულოთ, გვაქვს მიმდინარე პროექტები სამთავრობო სააგენტოებთან, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება და არასწორია. ჩვენი შემოსავლის 80% უცხოური შემოსავლებია, ამიტომ ალბათ ერთ-ერთი პირველები უნდა ვიყოთ ამ რეესტრში“, - განაცხადა ჯორჯაძემ.
„ელკანას“ დირექტორის თქმით, კანონი ორი თვეა ძალაშია შესული და უკვე პრობლემებს ქმნის, მათ შორის დონორების მხრიდან დაფინანსების კონტექსტში.
„აქამდე დაახლოებით 5 წარდგენილ პროექტზე მოგვივიდა უარი. მუდმივად ვმონაწილეობთ ტენდერებში, ეს არის ჩვენი ძირითადი შემოსავალი. რამდენიმე დონორი პირდაპირ გვესაუბრა და გვითხრა, ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ. იყო ასეთიც, ხომ არ ფიქრობთ იმას, რომ შეიცვალოთ ორგანიზაციული ფორმა, ან ინდივიდუალურ დაფინანსებებზე გადახვიდეთ, რისი წინააღმდეგიც ვარ, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ ისტორია და რეპუტაცია გვაქვს. მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, ერთ-ერთზე გვითხრეს, რომ დავასრულოთ დროზე ადრე, იქამდე, ვიდრე რეესტრში გავივლით რეგისტრაციას. თუმცა არიან დონორები, რომლებიც გვეთანამშრომლებიან და გვეუბნებიან, რომ პირიქით, დაფინანსებას აჩქარებენ, რომ ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ’, - თქვა ჯორჯაძემ.