ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, წარმოების სტანდარტის და აგროქიმიკატების გამოყენების დროს დოზების დაცვა არაბიომეურნეობების შემთხვევაშიც აუცილებელია. მას მაგალითისთვის, ვაშლის ბაღები მოჰყავს, რომლის შეწამვლაც წლის განმავლობაში 35-ჯერ ხდება.
„საზოგადოების ფულს ვხარჯავთ, იმისთვის რათა მეტი პესტიციდი ვიყიდოთ და დავანაგვიანოთ სავარგულები, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს“, - აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში მარიამ ჯორჯაძე - „წარმოების სტანდარტი უნდა დავიცვათ, რაზედაც ყურადღების გამახვილება საერთოდ არ ხდება. როცა არაბიომეურნეობაა, იქაც დოზების დაცვა და იმის გაკონტროლება, ვინ, სად რამდენჯერ იყენებს მნიშვნელოვანია. მაგალითად, ქართლში ვაშლის ბაღს 35-ჯერ წამლავენ წლის განმავლობაში, რაც წარმოუდგენელია. ის ვაშლი რატომ უნდა ვჭამო არ მესმის. ვაშლს, რომელიც ინდუსტრიული წარმოებისთვის არის განკუთვნილი, ასეთი დამუშავება სჭირდება... რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამან ადამიანს?! ეს არის აწყობილი ბიზნესი. ადამიანები აღარ უღრმავდებიან ამას, სანამ კატასტროფები არ მოხდება", - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
მისი თქმით, პრობლემაა ფერმერებში შესაბამისი ცოდნა და ქიმიკატების გამოყენების წესების დაცვა, რასაც ფერმერების ნაწილი არ ითვალისწინებს.
"მწარმოებლები, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, ისინი მაღალი რისკის ქვეშ არიან. ფერმერები ხშირ შემთხვევაში არ არიან ინფორმირებული, ქიმიკატები როგორ უნდა გამოიყენონ. ამას აქვს სავალალო შედეგი. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ონკოლოგიასთან“, - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.