მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პესტიციდების გამოყენებით რეგიონში უპირობო ჩემპიონები ვართ“ - რა გზით ბინძურდება ჭის წყალი?

ანალიზი

სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების მხრივ საქართველოს სახარბიელო შედეგები არ აქვს. FAO-ს ბოლო შეფასებით, რომელიც 2021 წლის მონაცემებს მოიცავს, საქართველო 1 ჰექტარზე საშუალოდ 5,68 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 2,26, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი 3,2 კილოგრამია.

მეზობელ სახელმწიფოებს თუ შევხედავთ, ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს აქვს, სადაც პესტიციდების მოხმარება ჰექტარზე საშუალოდ 0,23 კილოგრამია, სომხეთის შედეგია - 1,81, თურქეთის - 2.26, რუსეთის კი 0,79 კილოგრამი ჰექტარზე.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე "რედაქტ2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მეურნეობების მხრიდან პესტიციდების გამოყენებას სახელმწიფო პროგრამაც ახალისებს. ცოდნის ნაკლებობის გამო კი ფერმერები არამიზნობრივად იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, ქიმიკატების არამართლზომიერი გამოყენებით შესაძლოა დაბინძურდეს სასმელი ჭის წყალიც, რაც სხვადასხვა სიმსივნური დაავადების გამომწვევი მიზეზია.

„[პესტიციდების გამოყენებით] ჩემპიონები ვართ. რეგიონში უპირობო ჩემპიონები ვართ. უნდა შეწყდეს პროგრამული დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, ვითომ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში ხდება ამის ვაუჩერით გაცემა. ბიოწარმოების ხელშეწყობისთვის არ გამოიძებნა ფული, თუმცა გამოიძებნა ფული დაფინანსდეს ვაუჩერული სისტემა. ამაზე გვითხრეს, რომ მეურნეს შეუძლია იყიდოს ბიოსაშუალებებიც, თუმცა მასიურად ეს მიდის ქიმიკატების შესყიდვაზე, შემდგომ კი ხდება მისი არამიზნობრივი გამოყენება.

მეთხილეთა ასოციაციამ დაადასტურა, რომ ქიმიური საშუალებები, რომელიც უნდა გამოეყენებინათ თხილნარში, გამოიყენეს სხვა კულტურების შესაწამლად.

ჩვენთან გამოიყენება გლიფოზინატები, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკრძალულია მათი გამოყენება. ეს არის ჰერბიციდი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მცენარეული ზედაპირის განადგურების მიზნით გამოიყენება. განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში, სადაც სასმელ წყლად იყენებენ ჭის წყალს და ირგვლივ როცა ამ ჰერბიციდს ასხამენ, ის ძალიან მძიმე მეტაბოლიტებად გარდაიქმნება, რომელიც პირდაპირ იწვევენ სიმსივნურ დაავადებებს და ეს არის საგანგაშო“,- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები