ქიმიური ნივთიერებები, რომლის გამოყენება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, საქართველოს ბაზარზე უპრობლემოდ შემოდის, - ამის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ გადაცემა რედაქტ2-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რისი აკრძალვაც ხდება ევროკავშირში, იმის ასახვა მაშინვე არ ხდება ჩვენთან. მაგალითად, ლიმფოზინატები ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, ჩვენთან არ არის აკრძალული და შემოდის. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ისაა, რომ მის ტარას იყენებენ ან ყრიან. ამ ნარჩენების გადამუშავების გარკვეული წესები არსებობს, რისი ცოდნის და განათლების პრობლემაა. მხოლოდ ის კი არა, რომ არ აცვიათ სპეციალური ტანსაცმელი, იყო შემთხვევები, როცა ხუმრობით ერთმანეთს წუწავდნენ, რაც დაუშვებელია. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევებიც, როცა პრეპარატი არასათანადო ჭურჭელში ესხა.
კონტროლის მექანიზმები არ არის საკმარისი და არ არის ცოდნა. კანონი კრძალავს დაირღვეს შეფუთვა, მაგრამ როცა მთლიანი შეფუთვის შეძენის საშუალება არ აქვთ, ხშირია შეფუთვის დაზიანება, რაც სავალალოდ სრულდება“, - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
მისი თქმით, პრობლემაა ეტიკეტის დარღვევით ქიმიური ნივთიერებების რეალიზაციაც, რაც მაგალითად, ბიომწარმოებლებისთვის სტატუსის შეჩერების მიზეზი გამხდარა.
„არის შემთხვევები, როცა [ქიმიური ნივთიერებები] რუსეთიდან შემოდის. ჩვენთან კითხულობენ, რომ განკუთვნილია ბიო წარმოებისთვის, ამიტომ შეიძლება გამოიყენონ თავიანთ მეურნეობაში. რა შემადგენლობაა, ვერ დგინდება, მერე მასერტიფიცირებელ ორგანოს უხდება სანქციების დაწესება, სერტიფიცირების შეჩერება. ასეთი შემთხვევები ყოფილა მაგალითად მეთხილეთა ჯგუფში“, - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების მხრივ საქართველოს სახარბიელო შედეგები რომ არ აქვს, ამას სტატისტიკაც მოწმობს. FAO-ს ბოლო შეფასებით, რომელიც 2021 წლის მონაცემებს მოიცავს, საქართველო 1 ჰექტარზე საშუალოდ 5,68 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 2,26, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი 3,2 კილოგრამია.
მეზობელ სახელმწიფოებს თუ შევხედავთ, ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს აქვს, სადაც პესტიციდების მოხმარება ჰექტარზე საშუალოდ 0,23 კილოგრამია, სომხეთის შედეგია - 1,81, თურქეთის - 2.26, რუსეთის კი 0,79 კილოგრამი ჰექტარზე.