ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის შეფასებით, ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც 2022 წელს ამოქმედდა, ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ აქვს და მას ფერმერების მხრიდან მასიური დაინტერესება არ მოჰყოლია.
პროგრამა ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ასევე თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ანაზღაურებას ითვალისწინებს. პროგრამა ასევე ანაზღაურებს მევენახეობის მიმართულებით ორგანულ სასუქებს და ბიოპრეპარატებს, მეფუტკრეობაში კი ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენას.
„ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ არის, რადგან ზოგადად ბიომეურნეობაზე გადასვლას დრო სჭირდება. ეს პროგრამა ორ სექტორზეა მიმართული, ეს არის მეღვინეობა და მეფუტკრეობა. იქ ხდება კომპლექსური მხარდაჭერა. სხვა მიმართულებებში ასეთი ხელშეწყობა არ არის. არის მხოლოდ სერტიფიცირების ხარჯის ანაზღაურება. ბევრი მეღვინეა, რომლებიც [ამ პროგრამით] დაინტერესდნენ. ასევე არის 3 მეფუტკრე, რომლებიც ვიცი რომ გადავიდნენ ბიოწარმოებაზე. მანამდე იყო 2, რომელიც მისდევდა ბიოწარმოებას. ასე, რომ მასიური დაინტერესება არ მოჰყვა მეურნეების მხრიდან.
ჩვენ შევთავაზეთ სამინისტროს და უნდა ყოფილიყო ცვლილება წელს პროგრამაში. თითქოს იყო ამის პირობა, თუმცა ბიუჯეტის უკმარისობის გამო შეჩერებულია ამის განხილვა. საუბარია პროგრამის უკეთესად მორგებაზე მაგალითად, მეთხილეობის სექტორში. მწარმოებლებს ბაზარზე გასვლის პრობლემა აქვთ. როცა აიღებ სერტიფიკატს, იმ წუთს თუ შეგიწყდება მხარდაჭერა, გიწევს ბევრი ხარჯის გაღება, ბაზრის მოძიება... მნიშვნელოვანია 3-4-5 წელი გაგრძელდეს მხარდაჭერა“,- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.
მისი თქმით, ბიომწარმოებლების მიმართ სხვაგვარი მიდგომა აქვთ ევროკავშირში.
„ ამბობენ, რომ ამით არაკონკურენტუნარიან მეურნეობას ვუწყობთ ხელს, რაც არასწორია. ჩვენ ვაფინანსებთ არა ბიზნესს, არამედ გარემოსდაცვით საკითხებს. ასეთი მიდგომაა ევროპაში. თუ ხარ ბიომეურნე, შენ მუდმივად იღებ მხარდაჭერას“,- აცხადებს ჯორჯაძე.
აღსანიშნია, რომ ბიომეურნეობის მხარდამჭერი პროგრამისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტში 1 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროგრამაში ჩართვის პირობები წინა წლების მსგავსად უცვლელია.