სამი მოსმენით მიღებულმა “რუსულმა კანონმა” და შედეგად ქვეყანაში შექმნილმა დესტაბილიზაციამ გავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე, უკვე იქონია. არაერთმა უცხოურმა ჯგუფმა, როგორც ფრენებსა და სასტუმროებზე ჯავშნები, ისე დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს ან უკეთეს შემთხვევაში გარკვეული პერიოდით გადაავადეს. როგორ აისახა უკვე ტურიზმის ინდუსტრიაზე „რუსული კანონი“, step inn-ის მაგალითზე „ქალების ნარატივში“ - სასტუმროს დამფუძნებელმა, ანი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.
„ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი საფრთხეების წინაშეა ზოგადად ტურიზმის სფერო. პირადად ჩვენს სასტუმროში, მაისში 59 პროცენტიანი ჯავშნების გაუქმება გვიფიქსირდება, მაშინ როდესაც საშუალოდ 22-24 პროცენტამდე გვაქვს ხოლმე სხვა თვეებში. მაღალი მაჩვენებელი გვქონდა ზამთრის პერიოდშიც, ჯავშნების გაუქმებამ 61 პროცენტი შეადგინა, თუმცა აქ განმსაზღვრელი ფაქტორი დიდთოვლობა იყო. თუ ვთქვათ არ გვაქვს გათვლა ევროპელ დამსვენებლებზე და რუს მომხმარებლებზე ვთვლით, მაშინ მათ აქვთ ახლა ეს მაისის არდედეგები თუ „კანიკულები“ თუ რაც ქვია, მაგრამ ფაქტია, რუსი ტურისტი საქართველოში არ შემოდის, ეს ნიშნავს რომ „რუსული კანონის“ მიღებით, რა ტოტზეც ვსხედვართ იმ ტოტს ვჭრით და ამით ვართ თან კმაყოფილები და ამაყები. ეს კანონი იქნება დამღუპველი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.
მისივე თქმით, Step inn-ის სურვილია ევროპელ ტურისტებს მოემსახურონ, ისინი ბევრად მაღალმხარჯველიანი ადამიანები არიან, რაც ქვეყნის დოვლათის შექმნას უწყობს ხელს.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ევროპიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მეტნაკლებად იზრდებოდა. საშუალოდ მათი სახსრები რაც იხარჯება საქართველოში, 20-30 პროცენტით აღემატება სხვა ქვეყნის მომხმარებლების მხარჯველუნარიანობას, ამიტომაც Step inn-ი ფოკუსს ყოველთვის ევროპელ ტურისტებზე ასწორებდა. თუ ევროპული ქვეყნების მთავრობები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღებენ რა თქმა უნდა ნაკადი შემცირდება და ეს ყველაფერი აისახება ბიზნესზე. ჯავშნების გაუქმება ყველა ქვეყანაზე თანაბრად მოდის, მათ შორის ევროპაზეც და აზიაზეც. მათი კითხვები ძირითადად უსაფრთხოებას ეხება. არ ვიცით მოკლევადიან პერიოდში რა რეაგირება უნდა გვქონდეს, სეზონისთვის მოვემზადოთ და დავიმატოთ ახალი თანამშრომლები, თუ პირიქით, უნდა შევამციროთ დასაქმებულების რაოდენობა ან ხელფასების დაკლების ფონზე შევინარჩუნოთ კადრები. სამწუხაროდ ყველაფერი, რაც წინსვლასთან არის დაკავშირებული, შეჩერებულია და მოლოდინის რეჟიმშია,“ - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.
შეგახსენებთ: 2 მილიონი ევროს უცხოური ინვესტიციით Step Inn-ის მშენებლობა სტეფანწმინდაში არსებული კლიმატური პირობების გამო 4 წლის განმავლობაში მიდიოდა, დღეს კი ბუნებასთან შერწყმული მთების ფორმის 19-ნომრიანი სასტუმრო ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს განთავსებასთან ერთად სხვა აქტივობებსაც სთავაზობს.