მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრაციის გამო, წიგნის გამომცემელთა ასოციაციას 20-მდე კომპანია ტოვებს

გამომცემლები

20-მდე გამომცემელი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი "რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრაციაა, რისი გადაწყვეტილებაც ასოციაციის გამგეობამ წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო.

გამომცემლების მხრიდან შესაბამისი განცხადება დღეს, საქართველოს წიგნის დღეებზე გაკეთდა და აღინიშნა, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება მათთვის პრინციპულად მიუღებელია.

„2024 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება გამგეობამ, მისმა თავმჯდომარემ თამარ ლებანიძემ და ასოციაციის დირექტორმა, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ მიიღეს ასოციაციის წევრებთან შეუთანხმებლად.

დარეგისტრირება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა მმართველობის ის ფორმაა, რომელიც დაუშვებელია წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში.

სამწუხაროდ, წესდებაში არსებული ხარვეზების გამო ვერ შევძელით ქმედითი ზომების მიღება ასოციაციის შიგნით, ხოლო რამდენიმეთვიანი ძალისხმევის მიუხედავად თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან და დირექტორთან, დალი ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, კონსტრუქციული დიალოგი ვერ მოხერხდა.

ვინაიდან ასოციაციის მმართველი რგოლი აღარ ითვალისწინებს წევრების ინტერესებს და უჩვენოდ იღებს ჩვენთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, აღარ გვსურს ვიყოთ ამ ორგანიზაციის წევრები. ამიტომ ვიღებთ ჩვენთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ასოციაციას, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა.

ბევრს შეიძლება გახსოვთ, რომ მაისის ფესტივალზე, სწორედ აქედან გამოვთქვით პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. ახლა საქმითაც ვადასტურებთ, რომ ეს კანონი და სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი სხვა კანონები, ჩვენთვის არის სრულია მიუღებელი.

ჩვენ არც გაყალბებულ არჩევნებს ვაღიარებთ და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. საქართველოს გამომცემლებისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და იქნება თავისუფალი სიტყვა და მომავალშიც მხარდამხარ დავდგებით ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და წიგნიერების გასაზრდელად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს წერენ:

  • პალიტრა L;
  • ბიბლუსი;
  • ინტელექტი;
  • არტანუჯი;
  • ინდიგო;
  • ზიარი;
  • ზებრა;
  • მედუზა;
  • პეგასი;
  • ბუქმანია;
  • ბუქმარკი – წიგნები ვაკეში;
  • საბა;
  • ალონი;
  • წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“;
  • ლაზარე;
  • რასთი კომიქს;
  • ელვა.ჯი;
  • ელვა იმპორტი;
  • კავკასია.

BM.GE წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან დაკავშირებას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები