სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ივნისიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings სოჭი - თბილისი - სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას.
"Red Wings-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს",-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.