მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული საინვესტიციო შეთანხმება აფხაზურ ინტერესებს არ პასუხობდა - დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი

ადგურ არძინბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას განცხადებით, აფხაზეთში რუსული ინვესტიციების წინააღმდეგი არავინ არის. როგორც მან ჟურნალისტ საიდ ბარგანჯიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რეალურ ინვესტიციებსა და რუსულ-აფხაზურ საინვესტიციო შეთანხმებას შორის დიდი განსხვავებაა.

"დიდი განსხვავებაა ინვესტიციებსა და საინვესტიციო შეთანხმებას შორის, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა [ასლან ბჟანიამ] შემოგვთავაზა. ინვესტიციები უნდა იყოს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების გეგმის ნაწილი. ჩვენ გვაქვს საინვესტიციო კანონი. გარდა ამისა, აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2009 წელს გაფორმდა შეთანხმება ინვესტიციების ურთიერთდაცვასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, უკვე არსებობს მთელი ინფრასტრუქტურა, აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ადგურ არძინბამ.

როგორც ე.წ. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, აფხაზეთში რუსული კომპანიები წარმატებით ოპერირებენ.

"უკვე მრავალი წელია, რაც რუსული კაპიტალის მქონე კომპანიები საკმაოდ წარმატებით ოპერირებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთში მუშაობენ კომპანიები, როგორებიცაა: "მეგაფონი", "როსნეფტი" და ასე შემდეგ. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ავიღებთ, მაშინ აფხაზეთის გადასახადის გადამხდელთა ტოპ ათეულში რუსული კაპიტალის მონაწილე კომპანიები არიან", - განაცხადა მან.

ადგურ არძინბას თქმით, ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის უნდა გაფორმებულიყო, აფხაზი მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებდა.

"რატომ გვჭირდება ასეთი ინვესტიციები, რომელშიც ჩვენი მუშახელი არ არის ინტეგრირებული, არ არის ჩართული ჩვენი ბანკები, ჩვენი სასამართლო სისტემა? ეს აღარ არის ინვესტიციები, ეს არის სრულიად განსხვავებული კატეგორია. ის, რაც ასლან ბჟანიამ შემოგვთავაზა, არის მოდელი, რომელიც საკმაოდ წარმატებით იქნა დანერგილი რიგ ქვეყნებში, რომლებიც მესამე სამყაროს ქვეყნებად ითვლება. როდესაც კორუმპირებული ელიტების ვიწრო ჯგუფი გარე მსხვილ კაპიტალთან თანამშრომლობით აშენებს მოდელს, სადაც ხალხის ძირითად ნაწილზე ის არ აისახება, არის ეკონომიკური პოლიტიკის მიღმა. ამით კორუმპირებული ელიტების ვიწრო ჯგუფი იკვებება და არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ეს ხდება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მოდელი. აფხაზი ხალხი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას. აფხაზური ნიადაგის ყოველი სანტიმეტრი გაჟღენთილია ჩვენი წინაპრების სისხლით, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ასეთ დამოკიდებულებაზე ფიქრის უფლებაც კი არ გვაქვს", - განაცხადა არძინბამ.

ამასთან, ინტერვიუში არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის მოკავშირეა და ის ყოველთვის რუსეთის გვერდით იდგება.

ცნობისთვის, ადგურ არძინბა დე ფაქტო პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია. აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები