რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. შემდეგი ფრენა ქუთაისიდან ავიაკომპანიას 13 ივლისს აქვს დაგეგმილი.
Red Wings-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიხედვით, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით 2 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო. მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისებიც იმავე დღეს უნდა დაწყებულიყო.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს.