მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რვავე ბაობაბი გახმა” - დენდროლოგიური პარკი ხეების გახმობას ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს აბრალებს

ბაობაბი
09.08.24 15:32
930

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში აცხადებენ, რომ კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა. ამის შესახებ პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ხეების გახმობა კი ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების ქმედებებს ბრალდება.

"2020 წელს მეცენატ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითა და დაფინანსებით დაბა შეკვეთილში გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. ეს უნიკალური პროექტი კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მრავალწლიანი დაუღალავი შრომით და ურთულესი ტექნიკურ - ლოგისტიკური ამოცანების დაძლევით სამოცი ჰექტარის ფართობზე გაშენდა საქართველოში აქამდე არნახული მწვანე სივრცე, რომელიც მოიცავს ათასობით ადგილობრივ, ენდემურ და ასევე უცხოურ მცენარეს.

პარკის განსაკუთრებულობა განპირობებულია იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხერხდა უნიკალური საუკუნოვანი ხეების გადმორგვა, რაც ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა. დენდროლოგიური პარკი წარმოადგენს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ და ჰარმონიულ ნაზავს. მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის უიშვიათესი ფრინველი ბინადრობს. მათთვის აქ შექმნილია მშობლიური ჰაბიტატის იდენტური საარსებო გარემო.

პირველივე დღიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აბსოლუტურად უფასოდ მასპინძლობს ათიათასობით მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის სტუმარს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ინიციირების დღიდანვე ნაციონალური მოძრაობის კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოსცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს. ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.

როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთ წოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.

ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო.

საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.

დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა. არადა ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა.

შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადეკვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას", - ნათქვამია პარკის ადმინისტრაციის მიერ გარვცელებულ განცხადებაში.

კენიის მთავრობამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტზე ნებართვა გასცა

კენიაში ივანიშვილის პარკისთვის ამოთხრილი რვა ბაობაბის საკითხს შეისწავლიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები