იტალიამ, ავიაკომპანია Ryanair 256 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაა, რაც ონლაინ ტურისტული სააგენტოების მიერ ბილეთების გაყიდვის შეზღუდვას გულისხმობს.
მარეგულირებელი უწყების განცხადებით, ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, ტურისტული სააგენტოების საქმიანობის შესაფერხებლად, "დახვეწილი სტრატეგია" შეიმუშავა, რომელიც როგორც სააგენტოებისთვის, ისე მგზავრებისთვის ტექნიკური ბარიერების შექმნას ითვალისწინებდა, რათა მათ ბილეთების სხვა პლატფორმებზე შეძენა გართულებოდათ და შესყიდვები უშუალოდ ავიაკომპანიის ვებგვერდზე განეხორციელებინათ.
ჯარიმა Ryanair-ის 2023 წლის აპრილიდან, სულ მცირე, 2025 წლის აპრილამდე პერიოდის ქმედებებს ეხება. უწყების განმარტებით, კომპანია ხელს უშლიდა ონლაინ სააგენტოებს, გაეყიდათ Ryanair-ის ბილეთები სხვა ავიახაზების რეისებთან ან დამატებით სერვისებთან კომბინაციაში, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებდა კონკურენციას.
Ryanair-მა უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს.
საქმე ისაა, რომ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო'ლირიმ, ე.წ. "მეკობრე" ტურისტულ სააგენტოებს - Booking.com, Kiwi და Kayak - "ომი გამოუცხადა". ო'ლირი მათ მომხმარებლების მოტყუებაში სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ აღნიშნული პლატფორმები ბილეთების ფასს საკომისიოებსა და ფასნამატებს უსაფუძვლოდ ამატებენ.
სააგენტოებისთვის ბილეთების მიყიდვის შესაზღუდად ო'ლირი მზად იყო, გაყიდვების კლებაზეც კი წასულიყო. 2023 წლის ბოლოს, როდესაც სააგენტოების ვებგვერდებიდან Ryanair-ის ფრენები მოულოდნელად გაქრა, ავიაკომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი მართლაც შემცირდა.
გაყიდვების კლებამ Ryanair-ის მოგებაზე იმოქმედა, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია ირლანდიური ავიაკომპანიის საბაზრო ღირებულების რეკორდულ, 31 მილიარდ ევრომდე ზრდისთვის. ამ მონაცემით ის მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ავიაკომპანიაა და მხოლოდ ამერიკულ Delta Air Lines-ს ჩამორჩება.
მიუხედავად იმისა, რომ Ryanair-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი მანამდეც საკუთარ ვებგვერდზე მოდიოდა, იტალიის კონკურენციის უწყების შეფასებით, კომპანიამ მაინც ბოროტად გამოიყენა "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება" კონკურენტების ჩამოსაშორებლად.
Ryanair-ის ტაქტიკა მოიცავდა სახის ამოცნობის პროცედურას იმ პირებისთვის, ვინც ბილეთს მესამე პირის მეშვეობით ყიდულობდა. გარდა ამისა, კომპანია პერიოდულად სრულად ბლოკავდა სააგენტოების მხრიდან ჯავშნის მცდელობებს, მათ შორის გადახდის მეთოდების დაბლოკვისა და ანგარიშების მასობრივი წაშლის გზით.
ამის შემდეგ ავიაკომპანია სააგენტოებს სთავაზობდა "პარტნიორობის ხელშეკრულებებს", რომლებიც კრძალავდა Ryanair-ის ფრენების სხვა კომპანიების რეისებთან კომბინაციაში გაყიდვას. მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში მისცა კომპანიამ სააგენტოებს საკუთარ სერვისებთან ინტეგრირების საშუალება, რამაც რეალური კონკურენცია გახადა შესაძლებელი.
მარეგულირებლის დასკვნით, Ryanair-ის ქმედებებმა "დაბლოკა, შეაფერხა ან ეკონომიკურად და ტექნიკურად გაართულა" ბილეთების შეძენა სხვა ავიახაზების რეისებთან, ტურისტულ ან სადაზღვევო სერვისებთან კომბინაციაში.




























