ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ის წლიური მოგება, მიუხედავად საავიაციო საწვავზე ფასის ზრდისა და გაზრდილი ხარჯებისა, რეკორდულად გაიზარდა - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მარტის თვემდე მისი სუფთა მოგება, გადასახადების შემდეგ, €1.92 მილიარდია, რაც წლიურ ჭრილში 34%-იანი ზრდაა. შემოსავალთან ერთად, 9%-ით გაიზარდა მგზავრთა ნაკადიც, ბილეთის ფასებზე კი, საშუალოდ, 21%-იანი მატება ფიქსირდება.
მიუხედავად მომხმარებლებისთვის გაზრდილი ხარჯებისა, ავიახაზები აცხადებს, რომ Ryanair-ი კონკურენტუნარიანობას მაინც ინარჩუნებს და მგზავრებს სხვა ევროპულ კომპანიებზე დაბალ ფასებს სთავაზობს.
ფრენის ღირებულებაზე Ryanair-ის CEO მაიკლ ო’ლირიმ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბილეთები იმაზე ნაკლები ეღირება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზით, რომლის მიხედვითაც ფრენა 5-10%-ით უნდა გაძვირებულიყო. მისივე თქმით, ყველაზე მაღალი ტირიფები მხოლოდ მცირედით შეიძლება აღემატებოდეს გასული წლისას.
მიუხედავად მაღალი შემოსავლისა, გასულ ფინანსურ წელს კომპანიისთვის გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია. Euronews-ის ინფორმაციით, ავიახაზებს მნიშვნელოვნად გაეზარდა პერსონალის ხარჯები, საწვავის ხარჯი კი 32%-ით - €5.14 მილიარდამდე გაიზარდა. პრობლემური იყო გადადებული რეისები, რომლებიც, ძირითადად, Boeing-ის კრიზისით იყო გამოწვეული. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 23 თვითმფრინავი, რომელიც Boeing-ს ივლისის ბოლომდე უნდა გადაეცა Ryanair-სთვის, ჯერ მზად არ არის.
მიმდინარე წელს Ryanair-ი მგზავრთა ნაკადის კიდევ 8%-ით გაზრდას და 198-200 მილიონი მგზავრის მომსახურებას გეგმავს, თუმცა მოგებაზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მათი თქმით, შეუძლებელია უკრაინასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო.