მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გასულ წელს ჩვენი კომპანია ევროპის ყველაზე მდგრად ავიახაზებად დასახელდა” - Wizz Air

ვიზაირი

კლიმატის ცვლილებაზე დებატების დროს ავიაციის სექტორი და თვითმფრინავით მგზავრობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება. განსაკუთრებული განხილვის საგანი კი ბიუჯეტური ფრენებია, რომელთა ევროკავშირის მასშტაბით აკრძალვასაც საფრანგეთის ხელისუფლება კვლავ ცდილობს, რადგან თვითმფრინავის თითოეული მგზავრის მიერ გარემოს დაბინძურების ყველაზე მაღალი წილი სწორედ ფრენაზე მოდის. 

ამის მიუხედავად, 2022 წლის მონაცემებით, საავიაციო სექტორი გლობალურად ნახშირბადის ემისიების მხოლოდ 2%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა ევროკავშირი 2050 წლისთვის სათბურის აირების ემისიების წმინდა ნულოვან მაჩვენებლამდე დაყვანას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებულ და მოქმედ ავიახაზებსაც საკუთარი ემისიების 0%-მდე შემცირება მოუწევთ. 

BMG-ს კითხვას, რამდენად რეალისტური მიზანია ბიუჯეტური ავიახაზებისთვის ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა, უნგრული კომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ანდრაშ რადო პასუხობს.

“ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. პირველ რიგში, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ თუ ფრენის აუცილებლობა არ გაქვს, საერთოდ არ იფრინო, მაგრამ თუ ეს აუცილებლობა გაქვს, მაშინ Wizz Air-ით ისარგებლო, რადგან ჩვენ თითოეულ მგზავრზე ნახშირბადის ემისიების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ამიტომ, ჩვენთან ერთად ფრენით, გარემოს ყველაზე ნაკლებად აზიანებთ.

ვფიქრობ, დღევანდელ სამყაროში, გადაადგილებისთვის თვითმფრინავის გამოყენება და არა, სიტყვაზე, ეტლის, სრულიად ნორმალური და დასაშვებია, თანაც ავიაციის სექტორი ემისიების მხოლოდ 2%-ზეა პასუხისმგებელი”, - ამბობს ანდრაშ რადო.

2022 წელს Wizz Air დამოუკიდებელი ანალიტიკური ორგანიზაციის, Sustainlytics-ის მიერ, ბიუჯეტურ კომპანიებს შორის, ევროპის ყველაზე მდგრად ავიახაზებად დასახელდა. 2022-23 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, კომპანია ერთ მგზავრ-კილომეტრზე 53.8 გრამ CO2-ზეა პასუხისმგებელი, რითაც მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტ ავიახაზებს. ამის მიზეზი კომპანიის ახალგაზრდა საჰაერო ფლოტია. გასული წლის მონაცემებით, Wizz Air-ის ხომალდთა მოხმარების საშუალო ვადა 4.6 წელია და ყოველწლიურად მცირდება, რადგან კომპანია საჰაერო ხომალდთა მწარმოებელ Airbus-ს ახალ თვითმფრინავებს ხშირად უკვეთს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, წმინდა ნულოვან მაჩვენებელს მივაღწიოთ, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი არჩევანი არაა და ბევრ საგარეო ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვერ მივაღწევთ ნეტ-ზეროს, თუ შესაბამისი ტექნოლოგია არ გვექნება, რომელიც ხომალდებისა და ძრავების მწარმოებლებისგან უნდა მოდიოდეს. სწორედ ამიტომ ვდებთ ინვესტიციას მდგრად საავიაციო საწვავში, ამიტომ ვთანამშრომლობთ Airbus-სთან წყალბადის საწვავის საკითხებზე.

ვფიქრობ, თუ რომელიმე ავიახაზები მიაღწევენ წმინდა ნულს, ეს Wizz Air იქნება. რადგან ჩვენ ამაზე განუწყვეტლივ ვმუშაობთ. 2030 წლისთვის ჩვენი ავიახაზები ნახშირბადის გამოყოფას 25%-ით შეამცირებს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირებაზე და, იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაციურ ტექნოლოგიებს ბაზარზე პირველები ვნერგავთ, ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, თუ პირველი - არა, ავიახაზები ვიქნებით, რომლებიც 20-30 წელში ახალ ტექნოლოგიებს აითვისებენ. ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტი თარიღი გვქონდეს, როდის მივაღწევთ ნულოვან ემისიებს, რადგან წყალბადის საწვავის მასობრივი წარმოება პრობლემებთანაა დაკავშირებული და კიდევ 20-30 წელს მაინც წაიღებს, თუმცა ამაზე აქტიურად ვმუშაობთ”, - ამბობს ანდრაშ როდო.

რთული სათქმელია, შეძლებს თუ ვერა ავიაციის ინდუსტრია, 2050 წლისთვის წმინდა ნულოვან ემისიებს მიაღწიოს. მართალია, ევროკავშირი, ცალკეული ავიახაზები და თვითმფრინავთა მწარმოებლები ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად მუშაობენ, თუმცა საავიაციო ემისიები წლიდან წლამდე იზრდება. 1990 წლიდან 2019 წლამდე საავიაციო ემისიების ყოველწლიური ზრდა, საშუალოდ, 2.3% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები