აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებზე და აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტორების მზარდი ნაკადია, რასაც ხელშეწყობა სჭირდება.
„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ბუნებრივია, სააეროპორტო ინფრასტრუქტურა უნდა დაეწიოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ოთხი მილიონიდან 18 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთნაკადი მას შემდეგ, რაც აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში. ამ მეგაპროექტის განხორციელება სათანადო ვადებში იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, დაწყებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. დღევანდელი მგზავრთნაკადი 1,7 მილიონი ადამიანია და დაგეგმილია 5 მილიონამდე რესურსების გაზრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე, შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება 2030 წლისთვის დასრულდება.
„აქ საუბარია როგორც ელექტროენერგიის ტრანზიტზე, ასევე ინტერნეტის ტრანზიტზე. ჩვენ გვექნება ელექტროენერგიის პირდაპირ ტრანსპორტირების საშუალება მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროექტი. პროექტი ხორციელდება პარტნიორებთან ერთად, მათ შორის არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.