ეკონომისტ ზაზა ბროლაძის შეფასებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის კვლავ Ba2-ზე დატოვება, ხოლო პროგნოზის „სტაბილურამდე“ გაუმჯობესება მხოლოდ მიმდინარე ფინანსური სტატისტიკის ასახვაა და არა - ქვეყნის პოლიტიკური ან დემოკრატიული კურსის წარმატება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" განაცხადა, სადაც საქართველოს შესახებ Moody's-ის ბოლო ანგარიში გააანალიზა.
მისი შეფასებით, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი კვლავ დაბალ, სპეკულაციურ (Ba2) კლასში რჩება, ხოლო დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ეყრდნობა რუსულ მიგრაციასა და სხვა მყიფე, დროებით ფაქტორებს.
ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება შეგნებულად ურევს ერთმანეთში ვალის გადახდის ტექნიკურ უნარსა და პოლიტიკურ ლეგიტიმურობას, რათა სააგენტოების ცივი ციფრები საკუთარი პოლიტიკის ვალიდაციად წარმოაჩინოს. რეალურად კი, ევროინტეგრაციის შეჩერება და ავტოკრატიული ტენდენციები ქვეყანას გრძელვადიან ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ჩიხში ტოვებს.
ზაზა ბროლაძემ Moody's-ის მიმოხილვიდან რამდენიმე აქცენტი გამოყო:
1. "გაუმჯობესება" სინამდვილეში მხოლოდ პროგნოზის ცვლილებაა და არა - რეიტინგის.
"მთავრობა და სამთავრობო მედია ამ ცნობას წარადგენენ, როგორც წარმატებას, თუმცა თავად რეიტინგი - Ba2, ანუ სპეკულაციური, „ჯანკ“ კლასი - უცვლელი დარჩა. შეიცვალა მხოლოდ პროგნოზი, ნეგატიურიდან სტაბილურამდე. აქვე გავიხსენოთ 2025 წლის მარტში თავად Moody's პოზიცია: მაშინ სააგენტომ ცალსახად დაწერა, რომ პროგნოზის გაუარესება გამოწვეული იყო პოლიტიკური რისკებით - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით და ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებით. სიტუაცია გაუმჯობესების მაგივრად გაუარესდა და საქართველოში ავტოკრატიის დაბეტონება გრძელდება: კანონი ძალაშია, EU-ინტეგრაცია 2028 წლამდეა შეჩერებული, ოპოზიციური პარტიების დახურვის მექანიზმიც შემოღებულია", - ამბობს ზაზა ბროლაძე.
2. პოზიტიური მაკროეკონომიკური ციფრები ეფუძნება არასტაბილურ, დროებით ფაქტორებს
"Moody's-ი ხაზს უსვამს ძლიერ მოხმარებას, ტურიზმს, "შუა დერეფნის" ეფექტს და ეს არის მხოლოდ მშრალი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსჯელობა. ჩვენ, ვინც აქ ვცხოვრობთ, უფრო რეალურ სურათს ვხედავთ და ვიცით, რომ ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება დიდწილად ეფუძნება რუსული მიგრაციისა და ფულადი ნაკადის ეფექტს. მაგალითად, მეორე სარეიტინგო სააგენტო, S&P-იც კი, თავის 2026 წლის თებერვლის ანგარიშში, პირდაპირ წერდა, რომ საქართველოს ზრდა ეყრდნობა დროებით ფაქტორებს მიგრაციასთან დაკავშირებულ და მოკლევადიან კაპიტალის ნაკადებს. ანუ სააგენტოები აღიარებენ, რომ ზრდის საფუძველი მყიფეა, მაგრამ მაინც წერენ "სტაბილურ" პროგნოზს, ვინაიდან ციფრები მათ ამას ეუბნება. ისინი სურათს უღებენ მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციას და არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით „ცივსისხლიან“ შეფასებებს აკეთებენ", - განმარტავს ეკონომისტი.
3. რეიტინგი აფასებს ობლიგაციების დაბრუნების უნარს, არა - დემოკრატიულ ჯანმრთელობას
"მთავარი მეთოდოლოგიური არგუმენტი: Moody's, S&P და Fitch აფასებენ მხოლოდ ერთ კითხვას - დაუბრუნებს თუ არა მთავრობა ვალს ინვესტორებს. ეს არაფერს ამბობს არჩევნების ლეგიტიმურობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე, მედიის თავისუფლებაზე თუ ევროინტეგრაციის ბედზე. დემოკრატიის დონეს სხვა ორგანიზაციები ზომავენ, როგორებიცაა, მაგალითად Freedom House, საერთაშრისო გამჭვირვალეობა და ა.შ. მთავრობა შეგნებულად ურევს ამ ორ სრულიად განსხვავებულ საკითხს - ფინანსური მდგრადობა და პოლიტიკური ლეგიტიმურობა - რათა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ტექნიკური შეფასება წარმოაჩინოს, როგორც თავისი პოლიტიკური კურსის ვალიდაცია", - აღნიშნა მან.
4. სარეიტინგო სააგენტოებიც აფრთხილებენ პოლიტიკურ რისკზე
"მაშინაც კი, როცა პროგნოზი დადებითია, Moody's-ის ტექსტშივე ჩანს დათქმა - ზრდის საფრთხეები "საერთაშორისო გამოწვევებით" და გეოპოლიტიკური რისკებით არის შემოსაზღვრული. ეს ბუნდოვანი ენა არის დიპლომატიური ფორმულირება იმისა, რასაც პირდაპირ ვერ ამბობენ, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური მიმართულება, და არა მხოლოდ გარეშე ფაქტორები, რჩება მთავარ რისკად.
Moody's-ის 2025 წლის მარტის ანგარიშში აღინიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და მმართველობითი სტაბილურობა რისკის ქვეშაა, პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებების გამო - მათ შორის 2024 წლის მაისში მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეფერხების გამო", - აცხადებს ზაზა ბროლაძე.




























