მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო ღონისძიებებში 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს - კალაძე

თბილისის მერი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელში“ კონსტრუქციებისა და ინსტალაციების მონტაჟის პროცესს მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

„ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფლის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალ, 15 დეკემბერს, 20:00 საათზე გვექნება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. კიდევ ერთხელ მინდა დავპატიჟო ყველა - მობრძანდით, მეგობრებო, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ და ჩავიფიქროთ სურვილები. ხვალ, ასევე, დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით განათდება, 16 დეკემბერს კი, „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად გაიხსნება. აქაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „საახალწლო სოფელში“ მრავალფეროვანი სივრცეები და აქტივობებია მოწყობილი პატარებისთვის.

„წარმოდგენილია სხვადასხვა ატრაქციონი, გარდა ამისა, ყოველდღიურად გაიმართება კონცერტები. ღონისძიებებში, დაახლოებით, 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ტრადიცია ჩამოყალიბდა და როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია, „საახალწლო სოფელი“ თბილისშიც არსებობს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, სტუმრებს შეუძლიათ, მობრძანდნენ და ისიამოვნონ. წინ სასიამოვნო დღეები გელოდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია.

„საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე, კერძოდ დედაენის ბაღში განთავსდება თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე იფუნქციონირებს გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის საციგურაო მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.

საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები