საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, საერთაშორისო ბაზარზე საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 7%-ით 209 დოლარამდე გაიზარდა.
წლიურ ჭრილში ზრდა 130%-ს აღემატება. რეგიონების მიხედვით განსხვავდება საწვავის ფასი, რაც გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვებით, ადგილობრივი მარაგებითა და მოთხოვნა-მიწოდებით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საავიაციო საწვავი ყველაზე ძვირი ევროპასა და აზიაშია.
ასე მაგალითად აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 228 დოლარს აღემატება, 217 დოლარი ღირს ევროპის რეგიონში, 215 ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო სამხრეთ ამერიკის საშუალო ფასი 199 დოლარს შეადგენს.
როგორც Reuters წერს, ფასის უპრეცედენტო ზრდამ, რომელიც ინდუსტრიის საოპერაციო ხარჯების მეოთხედს შეადგენს, გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც ავიაკომპანიები აიძულა გაეზარდათ ტარიფები, შეემცირებინათ გამტარუნარიანობა და გადაეხედათ საკუთარი ფინანსური პროგნოზებისთვის.
მაღალ ფასზე კომენტარი გააკეთა IATA-ს ხელმძღვანელმაც და თქვა, რომ საწვავის გლობალური ნაკადების აღდგენას თვეები დასჭირდება მაშინაც კი, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს დღესვე გახსნის.
„სრუტე რომც გაიხსნას და ღიად დარჩეს ვფიქრობ, მაინც რამდენიმე თვე იქნება საჭირო მიწოდების იმ ნიშნულამდე დასაბრუნებლად, რომელიც აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების შეფერხების ფონზე. ეს რეგიონი კრიტიკულ როლს ასრულებს ნავთობპროდუქტების, მათ შორის საავიაციო საწვავის, გლობალურ მიწოდებაში“, - განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ვილი უოლშმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის შუამავლობით აშშ და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ.




























