„ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე, საავიაციო საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას აფასებს.
როგორც მან BMG-ის უთხრა, მიუხედავად გლობალურ ბაზარზე შექმნილი რთული მდგომარეობისა, საქართველოში საწვავის დეფიციტი არ იგრძნობა და იმპორტი შეუფერხებლად გრძელდება.
"საერთაშორისო საავიაციო საწვავის ბაზარზე ნამდვილად რთული ვითარებაა, რადგან ევროპას საკუთარი მოხმარების ძირითადი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოჰქონდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ბაზარზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში დეფიციტი არ არის, რადგან მომწოდებლების წრე მანამდეც დივერსიფიცირებული გვქონდა და ახლა კიდევ უფრო მეტი წყარო დავამატეთ.
შესაბამისად, იმპორტი შეუფერხებლად გრძელდება. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დღეს საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედებს, ფასების ზრდაა. ავიაკომპანიებისთვის საწვავის მიწოდება Platts-ის ინდექსის შესაბამისად ხორციელდება, თუმცა ინდექსის გარდა, გაზრდილია შემდეგი ხარჯები: ლოგისტიკა; დაზღვევა და ჰეჯირება. აღნიშნული ხარჯები მთლიანად იმპორტიორი კომპანიების ტვირთია.
რაც შეეხება თავად ავიაკომპანიებს, რთულია იმის თქმა თუ რა კონკრეტული მიდგომებით ხელმძღვანელობენ ისინი, თუმცა ჩვენთან მჭიდრო კავშირში არიან. მათ ყოველკვირეულად მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია საქართველოს აეროპორტებში არსებული მარაგების შესახებ.
თუმცა, თუ არსებული ვითარება დიდხანს გაგრძელდა, ეს კვლავ აისახება ფასებზე. თებერვალთან შედარებით საავიაციო საწვავი უკვე 100%-ით არის გაძვირებული, რაც პირდაპირ მოქმედებს როგორც მიწოდების ღირებულებაზე, ისე ავიაბილეთების ფასზე.
ლოგიკურია, რომ რაც უფრო დიდხანს გასტანს ეს პრობლემა, მით უფრო გართულდება სიტუაციიდან გამოსვლა. შესაბამისად, ყველა ველოდებით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დროულ დარეგულირებას, რაც ამ პრობლემასაც გადაჭრის", - ამბობს ანდღულაძე.
დღეის მდგომარეობით, საავიაციო საწვავის კვირის საშუალო ფასი ბარელზე 185 დოლარს აღწევს, რაც წლიურად 105%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.


























