მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საავიაციო საწვავის გაძვირების გამო, ავიაბილეთები, საშუალოდ, 30%-ით გაძვირდა - "ჩექინ თრეველი"

ავიაცია

საავიაციო საწვავის გაძვირების გამო, ავიაბილეთების ფასი საშუალოდ, 30%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ჩექინ თრეველის“ დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი BMG-სთან საუბრობს. მისი თქმით, ფასის ზრდა ყველაზე მწვავედ შორ მიმართულებებზე აისახა.

როგორც ლევან ოსეფაიშვილი განმარტავს, ტურისტული კომპანიები ბილეთების ფასს ვერ აკონტროლებენ, რადგან ისინი სრულად ავიაკომპანიების ტარიფებზე არიან დამოკიდებული, რომელიც საწვავის ფასის პირდაპირპროპორციულად იცვლება.

„საავიაციო საწვავის ფასის მომატებამ, სამწუხაროდ, იმოქმედა ჩვენზეც, ჩვენს ბიზნესზეც და სფეროზეც. ეს განსაკუთრებით შეეტყო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. შორ მიმართულებებზე მინიმუმ 30%-იანი ფასნამატი გვიფიქსირდება. მომხმარებლისთვის ეს საკმაოდ სამწუხაროა. ჩვენ, ტურისტული კომპანიები, ვერ ვარეგულირებთ ბილეთის ფასებს, სრულად დამოკიდებული ვართ ავიაკომპანიებზე“, - აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი BMG-სთან.

მისი თქმით, ფასების ნახტომისებური ზრდა ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულმა საფრთხეებმაც განაპირობა:

„განსაკუთრებით ფასნამატი დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანმა გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტის შესაძლო ჩაკეტვა. ამან პირდაპირ გამოიწვია საწვავის გაძვირება. ბოლო ორი კვირაა, ფასის ცვლილება საგრძნობლად შესამჩნევია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კარგის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ფასი ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს. იმედია, ეს პროცესები მალე დასრულდება და სიტუაცია დასტაბილურდება.“

ამასთან, როგორც „ჩექინ თრეველის“ დირექტორი განმარტავს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურისტულ სექტორში თავდაპირველად გაურკვევლობა და შიში გამოიწვია, რასაც ჯავშნების მასობრივი გაუქმება მოჰყვა. თუმცა ოსეფაიშვილის დაკვირვებით, ბოლო დღეებში მომხმარებელთა ქცევა შეიცვალა.

„პირველი შოკი, რაც გვქონდა, ომის დაწყებიდან პირველი 10 დღე იყო. იყო გაურკვევლობა და შიშის ფაქტორი, რასაც ძალიან ბევრი ჯავშნის გაუქმება მოჰყვა. თუმცა, ბოლო 10 დღეა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასიც გაიზარდა, ბაზარზე სიტუაცია მაინც გამოცოცხლდა. აღარ არის ისეთი მკვდარი პერიოდი, როგორიც მარტის დასაწყისიდან 20 მარტამდე გვქონდა. ხალხი მაინც გააქტიურდა და დაჯავშნა გრძელდება შედარებით უსაფრთხო ქვეყნებში, ძირითადად ევროპის მიმართულებით“, - ამბობს ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი.

მიუხედავად საერთო გამოცოცხლებისა, აზიის მიმართულება, რომელიც ტრანზიტულ გადაზიდვებზე იყო დამოკიდებული, ფაქტობრივად გაჩერებულია. ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ ტრანზიტული ჰაბების პრობლემამ სხვა ავიაკომპანიებზე ფასების ზრდა გამოიწვია.

„აზიის მიმართულება ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ მკვდარია. ისეთ ავიაკომპანიებზე, რომლებსაც ტრანზიტად ვიყენებდით - მაგალითად Air Arabia, FlyDubai, Qatar Airways - მოთხოვნა ომის დაწყებიდან ნულის ტოლია. ამან გამოიწვია სხვა ავიაკომპანიებზე ფასების ზრდა. ამიტომ მგზავრები, ვინც აზიაში აპირებდა წასვლას, ახლა ევროპას ან ეგვიპტეს ირჩევს“, - აცხადებს ოსეფაიშვილი.

გლობალურად, საავიაციო საწვავის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბარელზე, საშუალოდ, 12.5%-ითაა გაძვირებული. თუმცა ამ ტიპის საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა თებერვლის მეორე ნახევრიდან შეინიშნება. თუკი, 20 თებერვლის მდგომარეობით, საშუალო ფასი ბარელზე $96 იყო, დღეის მდგომარეობით, საავიაციო საწვავის საშუალო ფასი მსოფლიო ბაზარზე $197-ია. ყველაზე მეტად, ამ ტიპის საწვავის გაძვირება ევროპაში შეინიშნება - სადაც ბარელის ფასი საშუალოდ, $215-ია, ხოლო აზიაში $205.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები