მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

6432e5090c6c7
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.23 20:17
40033
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის მასშტაბური პროექტის სხვადასხვა მონაკვეთებთან და საკითხებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ „დამახინჯებულ გარემოებებზე აგებული ინფორმაციები“ სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას ისახავს მიზნად.

„ტყუილია თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სიცრუეა ისიც, თითქოს დღემდე უცნობია როდის დასრულდება პროექტი. რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო. ამასთან, საზოგადოებას მუდმივად აქვს ინფორმაცია პროექტზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უკვე სარგებლობს კიდეც გზის ახალი მონაკვეთებით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში კორუფციული ფაქტების არსებობაში მოსახლეობის დარწმუნების მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას, დაუსაბუთებელ და ცარიელი ბრალდებების ტირაჟირებას უწოდებენ.

„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით. უშუალოდ ტენდერები ჩატარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობით. ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით. შესაბამისად, კორუფციაში სახელმწიფო უწყებების აბსურდული დადანაშაულება ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყებაში სამუშაოების წარმოების სიახლოვეს არსებული სოფლების მოსახლეობის პრეტენზიებსაც ეხმიანებიან, რომელიც სხვადასხვა მონაკვეთის შემთხვევაში ფიქსირდება. დეპარტამენტში იმ სამუშაოებზე საუბრობენ, რომელიც მშენებლობისას მოსახლეობაზე ზეგავლენის დადგენის მიზნით ჩატარდა.

„სოფელ ფუთში სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის საზედამხედველო კომპანიამ ჩაატარა სოფელში მდებარე ყველა შენობის წინასწარი კვლევა, მონიშნა ყველა ნაგებობის ბზარი და მიმდინარე აფეთქებების ვიბრაციაზე ახორციელებდა მუდმივ მონიტორინგს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის მიერ, უახლესი აპარატურით გადამოწმდა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ვიბრაცია გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირეებულა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერაც. არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა პროექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.

რაც შეეხება მე-4 გვირაბს, მის თავზე არ არის არცერთი სახლი. გვირაბიდან 250 მეტრში არსებული ყველა სახლი მონიშნულია და ვიბრაციის გადაჭარბება არ ფიქსირდება. თებერვალში, გვირაბის თაღსა და გრუნტს შორის არსებული მცირე მანძილისა და დიდთოვლობის გამო, ჩაიშალა მიწის მცირე მონაკვეთი, რომელიც არ იყო არავის კერძო საკუთრებაში. ყველა სახლზე არსებული ბზარი ამჟამად მონიშნულია და მიმდინარეობს მონიტორინგი. პირველადი დაკვირვებით, ბზარებზე ცვლილებები არ შეინიშნება. ამასთან, ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამზადებს შესაბამის დასკვნას.

მე-5 გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მიმდებარე სამმა მოსახლემ მოითხოვა ქონების გამოსყიდვა. მათ სარჩელიც წარადგინეს ზესტაფონის სასამართლოში. თუმცა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან თითოეულის საცხოვრებელი სახლი დაშორებულია მაგისტრალის სავალი ნაწილიდან, სახლების ტექნიკური მდგომარეობა უცვლელია და მათზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა არ დგინდება. რაც შეეხება მე-5 გვირაბის სამშენებლო მოედანთან აშენებული ბეტონის ქარხანას, 2021 წლიდან იგი აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსახლეობის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა“, - აცხადებენ უწყებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება საგზაო დეპარტამენტსა და Akkord Industry Construction Investment Corporation OJSC-ს შორის 2021 წლის 3 ნოემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ამოქმედდა ავანსისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 13 641 529 ლარი. სამუშაოების დასრულების მიზნით, ორჯერ ხელახლა გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მაისში გამოცხადდება მორიგი ხელახალი ტენდერი.

"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ინფორმაცია, გავრცელებამდე, გადაამოწმონ პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან და დამახინჯებული ფაქტებით გაჯერებული მონაცემებით, ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები