მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბა კიკნაძე: მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სექტორის საჭიროებები ესმოდა

5f5b8a0fda87b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.20 18:55
1854
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო სიის მე-8 ნომრად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მარიამ ქვრივიშვილი წარადგინა. ადმინისტრაციას ხელმძღვანელის პოზიციაზე ის ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პერიოდში, 2019 წლის თებერვლიდანაა. ვინ შეცვლის ქვრივიშვილს ამ თანამდებობაზე ჯერ უცნობია, მაგრამ იქამდე BM.GE დაინტერესდა - როგორ აფასებენ მის საქმიანობას ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები - რისი გაკეთება მოასწრო და რითი დაეხმარა სექტორს მოღვაწოების 1.6-წლიან პერიოდიში, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდსაც მოიცავს.

ტურისტული კომპანია "კავკასუს თრეველის" დამფუძნებელი საბა კიკნაძე bm.ge-ისთან მარიამ ქვრივიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მას "სექტორის საჭიროებები ესმოდა".

„მოსვლის დღიდანვე სწორი ორიენტირები ჰქონდა იმ პირობებში, სადაც ვიყავით მაშინ და ახლაც, როდესაც კოვიდი დაიწყო. სწორი კონცეფცია იყო თავი წარგვედგინა როგორც ერთ-ერთი პირველად გახსნადი მიმართულება, რადგან საქართველოს ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ეს ასე არ გამოვიდა, რადგან მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ვფიქრობ, მარიამ ქვრივიშვილის პერიოდი უნდა შეფასდეს როგორც სწორი და კოლეგიალური, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა სიტუაციას, ძალიან ახლოს იყო ინდუსტრიასთან; იყო მომსმენი, გამგები და წინმსწრებადაც ხვდებოდა რა სჭირდებოდა სექტორს, იმიტომ რომ ადმინისტრაციაში ის ტურიზმის ბიზნესიდან მივიდა", - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სწორედ მარიამ ქვრივიშვილმა შეძლო ახალი ტურისტული მიმართულებებით საქართველოს პოზიციონირების გააქტიურება.

„მარიამის დამსახურებაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირების საკითხი. მისი მოსვლის პერიოდში მარკეტინგის თვალსაზრისით რუსეთის ბაზარზე ვიყავით გადართულები, მან კი ეს ორიენტირი დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს სხვა მიმართულებებზე გადაიტანა. მან შეძლო სწორ მიმართულებებზე დამიზნება. ასევე ავიაკომპანიებთან მუშაობით, საქართველოს როგორც ჰაბის გაძლირება. ამ ყველაფერს მარტო ის ვერ გააკეთებდა, მაგრამ ჯამში, ქვრივიშვილის მენეჯერობის პერიოდი დადებითად უნდა შეფასდეს“, - უთხრა BM.GE-ის ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის საქმიანობის შეფასებისას, საბა კიკნაძემ თქვა, რომ სახელმწიფომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკარანტინე ზონებისთვის სასტუმროების შესყიდვები ტურიზმის ადმინისტრაციას დაავალა.

„ერთი რაც არ არის სწორი და ალბათ ეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებისთვის სასტუმროების სახელმწიფო შესყიდვების ოპერატორები გახდნენ. სახელმწიფოს ეს მათთვის არ უნდა დაევალებინა. მათთვის შეიძლება ეთხოვათ პროფესიონალური მოსაზრება და კონსულტირება, ხოლო შესყიდვები შესყიდვების სააგენტოსთვის უნდა დაევალებინათ“, - ამბობს „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები