ბაკურიანში მოქმედი სასტუმრო „კრისტალი“ წელს საბაგიროს მეორე ხაზს გახსნის. სასტუმროს საკუთრებაში არსებული, ტატრას ფერდობზე მოქმედი საბაგიროს განვითარებაზე „ქალების ნარატივში“ “კრისტალ ჯგუფის” დამფუძნებელმა, ვლადიმერ სტეფანიანმა ისაუბრა.
ბაკურიანში 2009 წელს გახსნილი სასტუმრო "კრისტალი", რომელიც თავიდან 27-ოთახს აერთიანებდა ეტაპობრივად განვითარდა და დღეს 107 ნომრით, სპა ცენტრით, აუზებით, რესტორნებითა და ბარებითა წარმოდგენილი. „კრისტალში“ 300-მდე ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს მართვაშია ასევე ტატრას ფერდობზე მოქმედი საბაგირო, რომელიც დამსვენებელს სრიალისთვის საჭირო გარემოს სთავაზობს.
„2023-2024 წლის ზამთრის სეზონისთვის „კრისტალის“ საბაგიროს მეორე ხაზს ვხსნით. იგი პირველი საბაგიროს ზედა სადგურიდან იწყება და მოთხილამურეები 2 302 მეტრ სიმაღლეზე აჰყავს. მეორე ტრასიდან უფრო რთული სათხილამურო ტრასები ეშვება. რაც შეეხება საბაგიროს გამტარიანობას, ის საათში 1 800 ადამიანს გაატარებს.
მეორე საბაგირო ხაზის ამოქმედებისთვის 5 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩავდეთ. მისი გაკეთება რთული აღმოჩნდა, თუმცა გაღებულ ინვესტიციაში საბაგიროს გარდა, სასრიალო ტრასების მოწყობაც შევიდა.“ - აღნიშნა ვლადიმერ სტეფანიანმა.
სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, განახლდა და 3700 მეტრამდე დაგრძელდა ტატრას ტრასა და გაკეთდა მიტარბიზე გადასასვლელი. „კრისტალისა“ და დიდველის დამაკავშირებელი ტრასა მომავალ წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. „კრისტალის“ ტრასების საერთო სიგრძე 9 კმ-ს აღემატება.
წლევანდელ სეზონს „კრისტალი“ კიდევ ერთი სიახლით ხვდება. საბაგიროებს შორის გაიხსნება კაფეც.
„რაც შეეხება კაფეს, 30-31 დეკემბრისთვის უკვე მზად იქნება გასახსნელად, რომელშიც 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს იქნება მაღალი დონის კაფე, მრავალფეროვანი მენიუთი, რომელიც ერთდროულად 300 ადამიანის მიღებას შეძლებს.“ - განაცხადა „კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელმა.