მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოზე შეყოვნებები გამოწვეულია არამხოლოდ სანქციებით, არამედ კადრების დეფიციტითაც - ირაკლი ცანკაშვილი

64a978d3d9f94
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 19:51
1222
საბაჟოზე შეყოვნებები არის და ეს გამოწვეულია არამხოლოდ სანქციების გამო, არამედ კადრების ნაკლებობის პრობლემითაც, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ცანკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურიც აქტიურად ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, მაგრამ არის მეორე - საყოველთაო პრობლემა ქვეყნისთვის, რაც კადრების ნაკლებობას უკავშირდება. „ქვეყანაში, სადაც თითქოს უმუშევრობაა, რეალურად იმ ხალხის, კადრების დეფიციტია, ვისაც მუშაობა უნდა. შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ რეალობა ასეთია. ასევე, არის პროფესიული განათლების პრობლემა და ა.შ.

რაც შეეხება დაყოვნებას სანქციების გამო, დიახ, ნამდვილად არის დაყოვნება. არის ტვირთების ნაწილი, რომელსაც საბაჟო ბევრად უფრო სკურპულოზურად უდგება და ამას, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი დრო მიაქვს, ვინაიდან ტვირთების გატარებას, საბაჟოს გარდა, სხვა ინსტანციების თანხმობაც სჭირდება. ამ კუთხით საბაჟო სამსახურს მე ვერ გავამტყუნებ, პირიქით, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად აღებული გვაქვს ვალდებულება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების და თუნდაც უკრაინის წინაშე, რომ სანქციები შევასრულოთ და არ ვიყოთ სანქციების გვერდის ავლის საშუალება ოკუპანტი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ამას გარკვეული დრო მიაქვს.

მეორე მხრივ, საბაჟოსთვისაც ეს არ არის ალბათ სტანდარტული რეჟიმი, საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება საეჭვო ორმაგი დანიშნულების ტვირთებზე. შეიძლება იყოს ორმაგი დანიშნულების ტვირთი - იარაღი, როცა იცი, რომ ეს არის სამხედრო ტვირთი და მას მარტივად დაბლოკავ. მაგრამ, შესაძლოა, ორმაგი დანიშნულების ტვირთში გადიოდეს ისეთი პროდუქციაც, რომელსაც ერთი შეხედვით სამხედრო დანიშნულებას ვერ მიაკუთვნებ და ამას სჭირდება დრო“, - განაცხადა ირაკლი ცანკაშვილმა.

ცნობისთვის, bm.ge-სთან ინტერვიუში ლოგისტიკური კომპანია „კავკასტრანს ექსპრესის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გია დანელიამაც განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციების ფონზე, გამკაცრებული საბაჟო პროცედურების გამო ხშირ შემთხვევაში გადამზიდავ კომპანიებს საბაჟოზე ტვირთის 10 დღეზე მეტხანს დაყოვნება უწევს. მისი თქმით, ეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი წნეხია, ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაფორმების პროცედურები დახვეწოს.

„ომიდან გამომდინარე ახლა ცოტა არეული სიტუაციაა. რეგულაციები, მოთხოვნები მკაცრდება იმ ტვირთების მიმართ, რომლებიც ორმაგი დანიშნულებისაა ან ტრანზიტულად მიდის სომხეთში ან ისეთ ქვეყნებში, რომელიც ირიბად დაკავშირებულია რუსეთთან. ჩვენი, როგორც გადამზიდავების და ექსპედიტორების სურვილია, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს“, - ამბობს გია დანელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები