მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია 2023-2024 წლებში ბანკების კაპიტალზე ზეწოლის ზრდას პროგნოზირებს

641acf78cd627
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.23 16:27
638
გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ბუფერის ზრდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე გაზრდის თაობაზე, ასევე მთავრობის გადაწყვეტილება ბანკებისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდის თაობაზე და საბუღალტრო აღრიცხვის IFRS სტანდარტებზე გადასვლა, მთლიანობაში ქართული ბანკების კაპიტალზე ზეწოლას მოახდენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ალექსანდრე ძნელაძე პროგნოზირებს, რომ კომერციული ბანკები არ შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს იმ ტემპით, რა ტემპითაც ეს სხვა თანაბარ პირობებში მოხდებოდა.

“ის ბუფერები, რომლებიც იყო მოთხოვნილი 2022 წელს და დამატებით კონტრციკლური ბუფერის დამატება, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აწვება კაპიტალს, რაც მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობაში საბანკო კაპიტალზე 2023-2024 წლებში საკმაოდ დიდი წნეხი მოვიდეს. როგორც ბუფერების შევსების მხრივ ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ IFRS-ზე გადასვლის პროცესში ახალი ბუფერი შემოდის, რომელიც რისკით შეწონილი აქტივებთან მიმართებით გარკვეულ დარეზერვებასთან იქნება კავშირში და ის კაპიტალის მოთხოვნის ნაწილია. უნდა აღვნიშნოთ მოგების გადასახადი, რადგანაც საბანკო სექტორისთვის ეს ტვირთი გაიზარდა.

ეს ყველაფერი ვერ ვიტყვით, რომ 2023 წელს დააწვება სრულად, თუმცა 2024 წლის განმავლობაშიც აისახება იმ პროდუქტების ფასებშიც, რა პროდუქტებიც არის შეთავაზებული. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ დინამიკას ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებასთან ერთად არ უნდა ველოდოთ ისე მკვეთრად, ვიდრე შეიძლებოდა რომ მომხდარიყო,”- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რომ კონტრციკლური ბუფერის გაზრდის გამო, ბანკებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის დარეზერვება მოუწევთ.

2023 წლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების მოცულობა 67 მილიარდ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები