საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები - საქართველოს ბანკი, თიბისი, პროკრედიტ ბანკი, ბაზისბანკი, ლიბერთი, ტერაბანკი ერთი მეორის მიყოლებით ავრცელებენ განცხადებას, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას გააგრძელებენ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარეგულირებელი და კომერციული ბანკები ასრულებენ და გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. მან ასევე განაცხადა, რომ კომერციულ სექტორს მარეგულირებლის დაუმორჩილებლობის უფლება არ აქვს, რადგან საქართველოში მოქმედი ბანკები მათი კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ. ნათია თურნავამ ისიც თქვა, რომ საფინანსო სექტორთან „სრულ უნისონში არიან“.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BM.GE-სთან კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა იცავს როგორც საერთაშორისო სანქციებს, ასევე სებ-ის რეგულაციებს. ის განმარტავს, რომ მარეგულირებლის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანა, რომელიმე ბანკისთვის რაიმეს დავალდებულებას არ გულისხმობს, არამედ ამ ჩანაწერით ბანკებს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის მომსახურება არ ეზღუდებათ.
„საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც გააგრძელებს სრულ შესაბამისობაში დაიცვას ყველა სანქცია, რომელიც იქნება გამოქვეყნებული.
ამასთან, საბანკო სისტემა იცავს ეროვნული ბანკის რეგულაციას და გააგრძელებს ამ რეგულაციების შესრულებას. აქვე აღვნიშნავ, უკანასკნელი ცვლილება არ გულისხმობს რაიმეს დავალდებულებას, უკანასკნელი ცვლილება გულისხმობს საქართველოს მოქალაქისთვის განსაკუთრებული პირობის შეთავაზებას სანქციის შემთხვევაში, რაც ერთგვარად არის ის, რომ ეროვნული ბანკი სანქციის შემთხვევაში არ ამძიმებს სიტუაციას საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, რომ ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტს თუ აქვს სურვილი თავისი რისკაპეტიტის მიხედვით მოემსახუროს, ამ კანონის მიხედვით შეუზღუდოს. ეს არანაირად არ გულისხმობს იმას, რომ ეს რეგულაცია ვინმეს რამეს ავალდებულებს.
ბანკებს რისკის მატარებელი ანგარიშების ქონის ან რისკის მატარებელი პირის არსებობის შემთხვევაში შეუძლია უარი თქვას მომსახურებაზე. ნებისმიერი ადამიანისთვის ანგარიშის გახსნა ბანკის გადასაწყვეტია. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, როცა ცალსახად არ შეიძლება პირისთვის ანგარიშის გახსნა ან მომსახურება. კონკრეტულად ეს ჩანაწერი ნიშნავს იმას, რომ ეროვნული ბანკი არ ზღუდავს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის მომსახურებას“, - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.
BM.GE-მ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ისიც ჰკითხა - რა გავლენას იქონიებს საქართველოს საბანკო სექტორზე სებ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ადრეა, რადგან შექმნილი კონტექსტი აჟიოტაჟის საფუძველს იძლევა. „უნდა დავუკვირდეთ და ზუსტ პროგნოზებს მოგვიანებით გეტყვით“, - აღნიშნა ძნელაძემ.