"ბაზრის ასეთი კონცენტრირებული სტრუქტურა საკმაოდ უნიკალურია – როცა ბაზარზე გყავს ორი თითქმის ერთი ზომის უმსხვილესი ბანკი, რომლებსაც ბაზრის დაახლოებით 80% უჭირავთ" - ამის შესახებ Fitch Ratings-ის საბანკო განყოფილების უფროსმა, არტემ ბეკეტოვმა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ექსკლუზიურ ინტერვიუში მან უპასუხა კითხვას, თუ როგორ უყურებს საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ამ მოცემულობას სარეიტინგო სააგენტო.
"ჩვენ ჯამში საბანკო სექტორს არ ვანიჭებთ რეიტინგს – ჩვენ ცალკეულ ბანკებს ვანიჭებთ რეიტინგებს – ეს რა თქმა უნდა, ცვლის სურათს – რადგან ინდივიდუალური ბანკის გადმოსახედიდან თუ მას ბაზრის მაღალი წილი აქვს და შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებების თუ სტრატეგიის შესაბამისად, აარჩიოს მომხმარებლები და ბიზნეს–კლიენტები – ეს რა თქმა უნდა აძლიერებს მის რეიტინგს. ეს მიდგომა პირიქითაც მუშაობს – ვისაც ეს ფუფუნება არ აქვს, მისი რეიტინგიც შესაბამისია",- განაცხადა არტემ ბეკეტოვმა.
თავის მხრივ, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი ამბობს, რომ საბანკო სექტორის იმგვარად ჩამოყალიბება, რომ ორ ბანკს ბაზრის 80% უჭირავს, ბუნებრივად მოხდა. მან ბაზრის კონცენტრაციის საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ სექტორში კონკურენციის პრობლემა არ დგას.




























