საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმად, შესაძლოა, საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ კანონი იქნას მიღებული. საკანონმდებლო წინადადება მოქალაქეებს, ივანე ხოხლოვს და ზურაბ ვანიშვილს ეკუთვნით. საკითხი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაეცა.
„საქართველოს პარლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, გთავაზობთ, მიღებული იქნას საქართველოს კანონი "საბანკო და სალიზინგო ომბუდსმენის შესახებ", ვინაიდან, აღნიშნულ სფეროებში: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო და სალიზინგო ორგანიზაციები ფაქტიურად უკონტროლოდ მოქმედებენ აბსოლუტურად დაუცველი ფართო მასების მიმართ, ადგენენ და იყენებენ კლიენტების მიმართ არათანაბარ პირობებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებებს, მალავენ მათგან სიცოცხლის დაზღვევის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, ბოროტად იყენებენ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის სახელშეკრულებო უფლებამოსილებას, კლიენტთა მიმართ არღვევენ სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც იწვევს ათი- და ასიათასობით პირთა გადახდისუუნარობის ან მათთვის ხელოვნური ფინანსური პრობლემების შექმნას", - ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში და იქვე განმარტებულია, რომ ამ დარგში ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც გახდება დავების განმხილველი კვაზისასამართლო ორგანო, განტვირთავს საერთო სასამართლოებს, დაიცავს ასიათასობით მომხმარებელს.
"მაგალითად, ლიზინგის და უკულიზინგის დროს - დაიცავს კლიენტებს უსაფუძვლო თანხების დარიცხვისგან, მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ - დაიცავს მემკვიდრეებს - მემკვიდრეთათვის მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურების დოკუმენტაციის საიმედოდ დამალვისგან, მსესხებლებს და ლიზინგის მიმღებებს დაიცავს ძირითადი დავალიანების პროცენტის და საურავის შემდეგ დარიცხვისგან.
ფაქტიურად, ბოლო მოეღება ფინანსური მომსახურების სექტორში სამიზნე ორგანიზაციების თვითნებობას, დიქტატურას, უმახინჯეს პრაქტიკას, დისკრიმინაციას, ხალხის ხელოვნურად გაღატაკებას. ეს არის მკაცრი რეალობა. თვით სახელმწიფოც კი, გადახდისუუნარობისას, არაუზრუნველყოფილი კრედიტორია პირდაპირი გადასახადების ნაწილში, რაც ბანკების და სხვა სამიზნე ორგანიზაციების მიერ გაწეულ მახინჯ ლობირებაზე მიუთითებს. ფინანსური სფეროს დემონიზაცია შემდგარი ფაქტია, და ამ სექტორს ესაჭიროება მძლავრი ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, ხალხის დასაცავად. ადვოკატები და მოსამართლეები, ეროვნული ბანკი და მსგავსი ინსტიტუტები უძლურნი არიან, შეასუსტონ პირველი რიგის უზრუნველყოფილ კრედიტორთა დიქტატურა და არაჯანსაღი და ხშირად - დანაშაულებრივი საბაზრო პრაქტიკა. სამიზნე სფეროებში ადამიანის უფლებების დაცვის, ფინანსურ სექტორში არსებული დიდი მასშტაბის უკანონობის შემცირებისა და საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით, გთხოვთ, გაიზიაროთ წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება“, - ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში.